
სამხედრო მობილიზაცია ოკუპირებულ აფხაზეთშიც დაიწყება
22/09/2022 13:24:05 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო მობილიზაცია იწყება.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ კრემლის პროპაგანდისტულ მედიარესურსთან ისაუბრა აფხაზეთის მზადყოფნაზე, მხარი დაუჭიროს რუსეთს სამხედრო გზით, ნაწილობრივ მობილიზაციას „რესპუბლიკაში“ მომავალ საშემოდგომო გაწვევაზე.
მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის მკვიდრთა 90%–მდე რუსეთის მოქალაქეა და თქვა ისიც, რომ „აფხაზებმა იციან თავიანთი ვალდებულებების შესახებ“.
"ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა. ეს ნაწილობრივ, ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებსაც ეხებათ, რადგან ჩვენ რუსეთის მოქალაქეებიც ვართ. თუ ნაწილობრივი მობილიზაცია იქნება საჭირო, ამას ბუნებრივია გავაკეთებთ, როცა მივიღებთ ოფიციალურ ინსტრუქციას ჩვენი ხელმძღვანელობისგან“,– განაცხადა ე.წ. „სამხედრო კომისარმა“ და დასძინა, „აფხაზები, როგორც საბჭოთა დროს, იმავე სულისკვეთებით „იყურებიან“ მოსკოვისკენ. არავის წინაშე ვალი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვერდით ვართ“.