სახელმწიფო ბრალდება ნარსიას მოტივებს ასახელებს

22-09-2022 17:34:55 სამართალი

პროკურატურამ "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. მას ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან .

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად დაასახელა დანაშაულის მოტივი: "ანგარება, ტერორისტული აქტის ჩადენა და საზოგადოების დაშინება".

მისივე თქმით, შესწავლილია ამოღებული საბრძოლო მასალა და ამ მხრივ კვალიფიკაციის შეცვლა არ განიხილება:

"რაც შეეხება ასაფეთქებელ ნივთიერებებს და საბრძოლო მასალებს, ყველა მათგანი შესწავლილია და ამ ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ".

ამასთან, როგორც პროკურორმა თქვა, დღეის მდგომარეობით, დანაშაულში სხვა თანამზრახველის მონაწილეობა არ ვლინდება. ამასთან, მან დაადასტურა, რომ გამოკითხულია დაკავებულის მეგობარი ქალი.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს დააკავეს. მას მძევლად 14 ადამიანი ჰყავდა. ნარსია საწყის ეტაპზე $2 მილიონს ითხოვდა, შემდეგ $1,5 მილიონს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

ადვოკატები საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება, განსაკუთრებით, ტერორიზმის ნაწილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები