
ორბანი რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას ითხოვს
22/09/2022 19:15:44 ევროპა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს,– პოზიცია მან 22 სექტემბერს ბუდაპეშტში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დააფიქსირა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა, თუმცა ადგილობრივმა მედიამ შეძლო ორბანის გამოსვლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. მოგვიანებით უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელმა "როიტერს" დაუდასტურა, რომ ორბანმა სანქციების მოხსნის სასარგებლოდ ისაუბრა.
16 სექტემბერს Szabad Európa-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ 10 სექტემბერს დახურულ შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა არაერთი რეზონანსული განცხადება გააკეთა, განსაკუთრებით უკრაინის ომთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ჟურნალისტები ღონისძიების რამდენიმე მონაწილისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, ორბანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში „შეიძლება, 2030 წლამდე გაგრძელდეს“, ხოლო თავად უკრაინამ „შეიძლება, დაკარგოს ტერიტორიების მესამედი ან ნახევარი“.
ამავე წყაროს ცნობით, ორბანმა თქვა, რომ უკრაინაში ომი „ლოკალური იქნებოდა, მაგრამ ჩაერია დასავლეთი და ის გლობალური გახადა“ და მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესდა, ევროპამ „საკუთარ ფეხში ისროლა“.
„ამიტომ, საჭიროა ძალისხმევა სანქციების გაგრძელების თავიდან ასაცილებლად“,– ციტირებენ ორბანს ჟურნალისტები.
კიევიდან ორბანი მწვავედ გაკრიტიკეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა უნგრეთს "ტროას ცხენი" უწოდა:
„ორბანი ამბობს, რომ იბრძოლებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისთვის. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ: უნგრეთი „ტროას ცხენია“, რომელიც ევროკავშირის დაშლას ევროპელი გადამხდელების ხარჯზე ცდილობს. ორბანს სძულს უკრაინა და ევროპაში "რუსულ სამყაროზე" ოცნებობს. ღირს კი ევროკავშირმა ეს დივერსიები დააფინანსოს?”.
როგორც ცნობილია, ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ.