22-09-2022 23:37:37 ევროპა
უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სერიოზულად განიხილავს ბირთვული ომის შესაძლებლობას. ამის შესახებ ITV News-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
„შესაძლებელია, რომ რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ. ისინი შეეცდებიან, შეაჩერონ ჩვენი შეტევითი აქტივობა და გაანადგურონ ჩვენი სახელმწიფო“, - ივარაუდა მან და თქვა, რომ მსგავსი სცენარი საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებსაც: "ტაქტიკური ბირთვული იარაღის აფეთქება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ შავი ზღვის რეგიონზეც".
მისი თქმით, ასეთი დარტყმის შედეგები გავლენას მოახდენს მთელ რიგ ქვეყნებზე, მათ შორის, პოლონეთზე, თურქეთსა და ბულგარეთზე:
„ჩვენ გვახსოვს ჩერნობილის ისტორია. შესაძლებელია, ჩვენს ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი კატასტროფა გვქონდეს“.
რუსეთის პრეზიდენტმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს „ყველა ხელმისაწვდომი საშუალება“ „თავისი ტერიტორიების“ დასაცავად. ამასთან, პუტინი თვლის, რომ უკრაინის ის ნაწილები, რომლებიც მის მიერ არის ოკუპირებული, "საკუთარია".