კრემლი აფხაზეთში არასამთავრობო სექტორთან ბრძოლას განაგრძობს: ინალ არძინბამ ამჯერად ბერგჰოფს დაარტყა

23-09-2022 13:29:59

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებას გერმანულ ბერგჰოფის ფონდთან "ნებისმიერი ურთიერთქმედება განსაკუთრებულ კონტროლზე აჰყავს". ამის შესახებ დღეს დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა, კრემლის მიერ ხელდასმულმა ინალ არძინბამ განაცხადა და საქართველოს "მზაკვრულ ზრახვებზე" მიანიშნა.

"ყველას მოგმართავთ თხოვნით, აფხაზეთის საგარეო უწყებასთან შეუთანხმებლად არ შეხვიდეთ დიალოგში ამ ფონდის თანამშრომლებთან, არ გამართოთ არავითარი ღონისძიებები, ონალი-დისკუსიების ჩათვლით. მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებსაც ამ საკითხში სიფხიზლე გამოიჩინონ: მათ სურთ, ჩაგითრიონ საქართველოს მთავრობის იმ პროგრამის რეალიზებაში, რომლის საბოლოო მიზანია აფხაზეთში საქართველოს დროშა აღიმართოს" - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

მისივე მტკიცებით, "უკვე რამდენიმე წელია, ბერგჰოფის ფონდის ორგანიზებით, ქართულ და აფხაზურ ახალგაზრდობას შორის აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოებთან შეუთანხმებლად, უკონტროლოდ იმართება შეხვედრები და ონლაინ-დისკუსიები და ეს იმ ფონზე, რომ ბერგჰოფის ფონდს არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი საფუძვლები, აფხაზეთში იმუშავოს - ის ჩვენთან რეგისტრირებულიც კი არ არის".

როგორც არძინბამ აღნიშნა, ფონდის დამფუძნებლებს შორის არიან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და "სხვა სტრუქტურები", რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკაში".

"მსგავსი ფონდები სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე პრინციპით მუშაობენ: ყველაფერი იწყება ჰუმანიტარული აქციებით და მთავრდება სახელმწიფო გადატრიალებებით" - დასძინა ინალ არძინბამ.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ ინალ არძინბას ბრძანებით საერთაშორისო ორგანიზაციის "მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ" პროექტი "განვითარებისადმი ინკლუზიური მიდგომის მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა" დახურა. როგორც მაშინ არძინბას უწყებაში განაცხადეს, "უშიშროების ორგანოებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა ფაქტები, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ პროექტის დეკლარირებული მიზნები არ შეესაბამებოდა მის ფარგლებში განხორიცელებულ ღონისძიებებს". კერძოდ, არძინბა უკმაყოფილო იყო პროექტის იმ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა ქართული და აფხაზური ახალგზრდობის ჩართვას კულტურათაშორის დიალოგში მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარების სახით.

მიდმინარე წლის სექტემბერში იმავე ინალ არძინბას ბრძანებით აფხაზეთში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი, რომელიც გაერო-ს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტს ხელმძღვანელობდა ყურძნის ავტოქტონური ჯიშების მხარდაჭერის მიმართულებით, ლუკასის მიმართ პრეტენზია შემდეგნაირად ჟღერდა: სადაზვერვო მონაცემების შეგროვება რუსეთის სამხედრო ბაზის სიახლოვეს".

როგორც ინალ არძინბა აცხადებს, იგი მხარს უჭერს იდეას არასამთავრობო სექტორის საქმიანობის რეგულირების მიზნით კანონის მიღების თაობაზე, რომელიც მოსკოვიდან გამოგზავნილი "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების მიზნით რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობების ჰარმონიზების" 45-პუნქტიან პროგარამაში ფიგურირებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები