![ჩრდილოეთკავკასიელები ომისა და მობილიზაციის საწინაამდეგო სტიქიურ მიტინგებს მართავენ [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/Screenshot_at_2022-09-23_16-15-18.png)
ჩრდილოეთკავკასიელები ომისა და მობილიზაციის საწინაამდეგო სტიქიურ მიტინგებს მართავენ [ვიდეო]
23/09/2022 12:28:24 კავკასია
ყაბარდო-ბალყარეთის (რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში) ქალაქ ბაქსანში ადგილობრივები ომისა და მობილიზაციის საწინააღმდეგო სტიქიურ მიტინგზე გავიდნენ. შეკრება ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა, - იუწყება დამოუკიდებელი რუსული მედია ტელეგრამ-არხ "Astra"-ზე დაყრდნობით.
პარალელურად მღელვარებაა დაღესტანშიც. სამხედრო კომისარიატთან შეკრებილმა ანტისამობილიზაციო მიტინგის მონაწილეებმა ფედერალური ტრასა გადაკეტეს, - იუწყება Baza და მოვლენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს:
ვიდეოჩანაწერში კომისარიატის თანამშრომელი ცდილობს, დაარწმუნოს მომიტინგეები, რომ უკრაინაში საომრად წასვლა "მათი ვალია", ისინი კი პასუხობენ, რომ "ეს მხოლოდ პოლიტიკაა" და რომ "სამშობლოს დასაცავად მაშინ უნდა უხმონ, თუ ამ სამშობლოს ვინმე მართლაც დაესხმება თავს".
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ უკრაინელთა წარმატებულ მზარდ კონტრშეტევას ვერ აჩერებდა, პრეზიდენტმა პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში "ნაწილობრივი" სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. თუმცა რეალურად, თუ დამოუკიდებელ რუსულ მედიასა და სოცქსელებში გავრცელებული ასობით მტკიცებულებით ვიმსჯელებთ, იწვევენ განურჩევლად ყველას, ოჯახებში აკითხავენ გარდაცვლილებსაც კი.
21 სექტემბერსვე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში ომისა და მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო. ძალოვანებმა უკვე ასობით აქტივისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს.