
სად უპირებს რუსეთი მობილიზებულებს გაგზავნას: უკრაინის გენშტაბშის ვერსია
23/09/2022 13:08:41 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ მობილიზაციის პირველ ეტაპზე რუსები გეგმავენ, უკრაინაში მებრძოლი ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების დაკომპლექტებას, ხოლო ნაწილი შესაძლოა, სასაზღვრო სამსახურის დაკომპლექტებაზე მიმართონ.
უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ალექსეი გრომოვი აცხადებს, რომ „რუსეთის სამობილიზაციო გეგმების მიხედვით, მობილიზებას ექვემდებარება დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, წინასწარი შეფასებით, გაწვევა მინიმუმ ორ ეტაპად მოხდება. პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, თვენახევრის განმავლობაში, მტერი გეგმავს, სრულყოფილად შეავსოს თავისი ფორმირებები და სამხედრო ნაწილები, რომლებიც ჩართული არიან უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ძალების ნაწილი გამოიყენონ მტრის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის დასაკომპლექტებლად, რათა გამოთავისუფლდეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაფარვაში ჩართული შეიარაღებული ძალების პერსონალი“.
მისივე თქმით, მობილიზაცია უპირველესად შეეხებათ სერჟანტებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე უმცროს ოფიცრებს. „ეს ის კატეგორიაა, მტერმა ყველაზე მეტი მსხვერპლი რომ განიცადა“, - განმარტა მან.
გენერალი ამბობს, რომ „მომავალში არ არის გამორიცხული, რომ მეორე ეტაპზე მტერმა გააგრძელოს სამობილიზაციო ღონისძიებები, შექმნას ოპერატიული და ტაქტიკური დონის კომბინირებული ფორმირება, სარაკეტო ჯარების და არტილერიის ქვედანაყოფების შესაბამისი ნაკრები“.
როგორც გენერალი ამბობს, „უპირველეს ყოვლისა, მტერმა ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული დანაყოფის, სარაკეტო ჯარების და არტილერიის ფორმირებაზე“.
ამასთან, გენერალი უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაჩქარებული მობილიზაცია დაკავშირებული პუტინის რეჟიმისთვის წარმოქმნილ შიდა და გარე საფრთხეებთან:
„პირველ რიგში, ეს არის რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების უუნარობა, მიაღწიოს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაცხადებულ მიზნებს, დასავლეთის ქვეყნების მხრიდან უკრაინის მზარდი მხარდაჭერა და ჩვენი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანების კურსის შენარჩუნებას, რუსეთში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავება და რუსეთის ფედერაციაზე სანქციების ზეწოლის გაძლიერება“, - განაცხადა გრომოვმა და დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზადაა მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.