
უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლა და ბახმუტთან პოზიციები გაიუმჯობესა - უკრაინის გენშტაბი
23/09/2022 13:24:47 ევროპა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს, - იუწყება უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეზე, ბრიგადის გენერალ ალექსეი გრომოვზე დაყრდნობით.
„შტურმის შედეგად თავდაცვის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს იაცკოვკას დასახლებაზე...
თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ ტაქტიკურ პოზიციას. ამრიგად, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფების დროული გადაჯგუფებისა და ბრძოლის მაღალი ხარისხით ორგანიზების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ადრე დაკარგული პოზიციის აღდგენა და ბახმუტის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე პოზიციების კონტროლის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ალექსეი გრომოვმა.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები ხარკოვის რეგიონში მდინარე ოსკოლის არა მხოლოდ მარჯვენა, არამედ მარცხენა სანაპიროსაც აკონტროლებდნენ.