სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად - რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა

24-09-2022 09:48:48 ,

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას"- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განიხილეს.

“კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები