ასლან ბჟანია სოხუმის საზღვაო პორტში მიმდინარე "ანტიტერორისტულ" წვრთნებს დაესწრო

24-09-2022 20:12:25 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დღეს სოხუმის საზღვაო პორტში მიმდინარე "ანტიტერორისტულ" წვრთნებს «ПОРТ-2022» დაესწრო.

"აფხაზური ძალოვანი უწყებებისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივი წვრთნები მიმართულია ტერორიზმსა და პოლიტიკურ ექსტრემიზმთან ბრძოლის მზადყოფნაზე" - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მისივე ინფორმაციით, აფხაზური მხრიდან წვრთნებში დე ფაქტო შსს-ს, საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების, დაცვის სპეციალური სამსახურისა და საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლები არიან ჩართულები, გამოიყენება ჯავშანტექნიკა და ცურვის საშუალებები. ჩართულები არიან მყვინთავები, სნაიპერები და მეხანძრეები.

"წვრთნების სცენარის მიხედვით, მონაწილეებმა გააუვნებელყვეს დივერსიული ჯგუფი, რომელსაც საზღვაო პორტის ტერიტორიაზე მძევლები ჰყავდა აყვანილი. ანალოგიური წვრთნები საავიაციო კავშირის მონაკვეთზეც გაიმართება" - წერს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები