ახმედ ზაკაევი: "უკრაინაში რუსეთის მარცხის შემდეგ რამდენიმე დღეში კადიროვის რეჟიმი ჩამოიშლება"

24-09-2022 20:45:48 კავკასია

ჩეჩნეთის მოსახლეობის 90%-ზე მეტი რუსეთისგან დამოუკიდებლობის მომხრეა და დარჩენილ 10%-შიც რამზან კადიროვის მიმართ ლოიალურად ბევრი არაა განწყობილი, - განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის თავმჯდომარემ ახმედ ზაკაევმა უკრაინული გამოცემა «Зеркало недели»-სთვის მიცემულ ინტერვიუში. და იქვე დასძინა, რომ უკრაინაში რუსეთის მარცხის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩეჩნეთი რუსეთისგან დამოუკიდებლობის მიღებას შეძლებს.

მისივე თქმით, "რუსეთში მძლავრდება უკრაინაში შეჭრით უკმაყოფილო მოქალაქეთა და ძალთა მოძრაობა და პუტინის რეჟიმის მარცხის შემთხვევაში ზოგადად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება".

ზაკაევის შეფასებით, "პრეზიდენტი პუტინი ჩეჩნეთის ლიდერ კადიროვსა და კადიროველებს ერთგვარ საფრთხობელად იყენებს საკუთარი რეჟიმის შენარჩუნებისთვის, მაგრამ რეალურად, კადიროველთა საბრძოლო მომზადება ძალიან დაბალია და ერთადერთი, რაც მათ ძალუძთ ჟანდარმობაა".

"კადიროვი არაპოპულარულია არამხოლოდ მოსახლეობაში, არამედ უკვე საკუთარ გარემოცვაშიც, ამდენად, მასაც კარგად ესმის, რომ რუსეთის მარცხის შემთხვევაში ის გვამია, როგორც პოლიტიკურად, ისე ფიზიკურად. პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაცია საფრთხეს ქმნის კადიროვის რეჟიმისთვის, რადგან თუ აქამდე მისი იდეოლოგია იმეორებდა, რომ კადიროვმა უფროსმა ჩეჩენი ხალხი ომს გადაარჩინა, დღეს უკვე ყველა რწმუნდება, რომ კადიროვი პუტინთან ერთად ჩეჩენ ხალხს მორიგ გენოციდს უწყობს" - განაცხადა ზაკაევმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ თუ შეგროვდება ხელმოწერების საკმარისი რაოდენობა უკრაინის პრეზიდენტისთვის განსახილველად იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ დოკუმენტის წარსადგენად, ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, მისივე აზრით, ეს არ მოხდება მყისიერად, რადგან უკრაინული მხარე პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით შეარჩევს დროს.

ცნობისთვის" ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა ამასწინათ უკრაინაში მეომარ ჩეჩნებს ახმედ ზაკაევის ლიკვიდაციისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ კი თავისუფლებასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას დაჰპირდა",

ივლისში ახმედ ზაკაევის ბრძანებით იჩქერიის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ დავალებათა ბატალიონი ჩამოყალიბდა უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის შემადგენლობაში. ეს უკვე მეოთხე ქვედანაყოფია უკრაინის დასახმარებლად, რომელიც უცხოეთში მცხოვრებმა იჩქერიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა შექმნეს.

ივლისშივე ბატალიონის წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, დაიწყონ ჩეჩნეთში იატაკქვეშა შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ.

მაისში ახმედ ზაკაევი კიევში იმყოფებოდა. იგი უკრაინულ პარლამენტში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიღეს. ზაკაევი შეხვდა ცნობილ უკრაინელ პოლიტიკოსებსაც. ვიზიტის შედეგად უკრაინაში იჩქერიის რესპუბლიკის ახალი კონსული დაინიშნა, უკრაინელ დეპუტატთა გაერთიანებამ "თავისუფალი კავკასიისთვის" კი რადას იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პროექტი წარუდგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები