26-09-2022 16:58:33 კონფლიქტები
რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იგეგმება 300 000-მდე მოქალაქის მობილიზება უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისათვის.
21 სექტემბრიდან, ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ეს მთავარ თემად იქცა აფხაზურ საზოგადოებაშიც, თან იმდენად, რომ უკან ჩასწია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურის საკუთრებაში გადაცემის ჩათვლით. ყველას ერთი რამ აინტერესებს: შეეხება თუ არა რუსული მობილიზაცია აფხაზეთს.
უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებამ რესპუბლიკაში შოკი გამოიწვია და გაუგებრობა წარმოშვა ადგილობრივ სამხედრო სტრუქტურებს შორის. მზარდი პანიკის მიზეზები უპირველესად, იმას უკავშირდება, რომ აფხაზეთის ბევრ მცხოვრებს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია. ამასთანავე, ახალგაზრდობის ნაწილს განათლება რუსეთის სპეციალიზებულ, სამხედრო-სამედიცინო სასწავლებლებში აქვს მიღებული და შესაბამისად, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია უშუალოდ ეხება.
როგორც კი ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ სიახლე გავრცელდა, აფხაზეთის მოსახლეობამ დაიწყო იმის რკვევა, რა ელის ამ კუთხით. ქვეყნის თავდაცვის უწყება დუმდა და მოსახლეობა ფაქტობრივად, ერთი-ერთზე დარჩა თავის შიშებთან.
კულუარულად ადამიანებს არწმუნებდნენ, რო მობილიზაცია აფხაზეთის მკვიდრთ არ შეეხებოდათ. მაგრამ 21 სექტემბრის საღამოს საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლაი პანკოვის განცხადება, რომ "აფხაზეთი ნაწილობრივ მობილიზაციას თავს ვერ დააღწევს». «რუსეთმა აფხაზები საქართველოსთან ომის დროს გადაარჩინა, დაეხმარა ეკონომიკურ გადარჩენაშიც, ვალს კი გადახდა უყვარს», - აღნიშნა პანკოვმა.
სანამ აფხაზეთში ხალხი ამ განცხადების «გადახარშვას» ცდილობდა, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისთვის ჩვეული მანერით პასუხი გაავრცელა და გენერალ პანკოვის განცხადებას უწოდა «ფეიქი, რომელიც პანიკის თესვასა და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას ისახავს მიზნად». მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს უარყოფა უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ გამოქვეყნებულა - მხოლოდ რამდენიმე ტელეგრამ-არხში გავრცელდა. ამასთანავე, უარყოფა, ალბათ, კარგია, მაგრამ აფხაზურმა საზოგადოებამ მაინც ვერ მოისმინა ვერც საგარეო, ვერც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყებისგან ვერც ერთი განმარტება იმის შესახებ, გამოცხადდება რესპუბლიკაში საბოლოოდ მობილიზაცია, თუ არა.
პირველი მნიშვნელოვანი «ლაფსუსი» ხელისუფლებამ ამ კუთხით რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების დღესვე დაუშვა. საინფორმაციო სააგენტო «სპუტნიკ აფხაზიას» გადაცემა «Посредник»-ის ეთერში რესპუბლიკის სამხედრო კომისარმა ბესლან ბუთბამ დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთსაც შეეხება. «აფხაზეთის მოქალაქეთა 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეცაა და ჩვენ ამით ვამაყობთ. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა სწორად აღვიქვით. ნაწილობრივ იგი ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეებსაც შეეხება», - განაცხადა აფხაზეთის სამხედრო კომისარმა და იქვე ისიც გაამხილა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაციის პროცესს სწორედ ნიკოლაი პანკოვი გაუწევს კურირებას. «როგორც აფხაზეთის მოქალაქეები, ჩვენც მობილიზაციის შესახებ კანონს ვექვემდებარებით. თანახმანი ვართ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, ჩავატაროთ ნაწილობრივი მობილიზაცია», - განაცხადა სამხედრო კომისარმა.
ბესლან ბუთბას სიტყვამ რესპუბლიკაში აფეთქებული ბომბის ეფექტი გამოიწვია. ხელისუფლებამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. მანამდე მდუმარე თავდაცვის სამინისტრომ კი, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და სამხედრო კომისრის ნათქვამი შეაფასა «პირად მოსაზრებად, რომელიც არ ასახავს უწყების პოზიციას». «თავდაცვის სამინისტრო ასრულებს ამოცანებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში ადრე დადებული შეთანხმებებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად», - ნათქვამია განცხადებაში.
მაგრამ როგორც არ უნდა გაურბოდეს საკითხზე საუბარს მთავრობა, საგარეო და თავდაცვის უწყებები, აფხაზეთში მობილიზაცია იგეგმება. ჩვენი წყარო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადინისტრაციაში ამბობს, რომ აფხაზეთიდან 3 500 ადამიანის გაწვევაა დაგეგმილი. «რუსეთის მოქალაქეობის ფლობას აქ მნიშვნელობა არ ენიჭება. [რუსეთიდან — რედ.] გამოიგზავნა კონკრეტული ციფრი და დაგვავალდებულეს, უზრუნველვყოთ ეს რაოდენობა», - აცხადებს ჩვენი წყარო. მისივე თქმით, ამ ადამიანებს დაავალდებულებენ 6-თვიანი კონტრაქტების გაფორმებას კრასნოდარის სამხედრო ბაზასთან, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ახლა გასაგები ხდება, რატომ ავრცელებდა ბოლო პერიოდში კრასნოდარის სამხედრო ბაზა აფხაზეთში ასე აქტიურად პროკლამაციებს რუსეთის მოქალაქეობის არმქონე მაცხოვრებლების სამხედრო სამსახურში მიწვევით.
როგორ განხორციელდება სიების ფორმირება, ვინ მოხვდება მათში და რა სახით გაფორმდება ეს ყველაფერი? - ყველა ამ საკითხზე რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს, - ამბობს ჩვენი წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისივე თქმით, გასაწვევთა დიდი ნაწილისთვის ასაკობრივ კრიტერიუმს მნიშვნელობა არ მიენიჭება. «გალის რაიონის ხელმძღვანელს უკვე მიეცა სიების ფორმირების ბრძანება ადგილობრივ მცხოვრებთა კრასნოდარში გასაგზავნად და ასაკს აქ მნიშვნელობა არ აქვს», - გვამცნობს ჩვენი წყარო.
გამოდის, ჯოხი ისევ გალელებზე გადატყდება, რომლებიც «დამოუკიდებლობისა და თავისუფლების» მთელი ამ 30 წლის განმავლობაში იოტისოდენადაც ვერ მიუახლოვდნენ ადამიანური ცხოვრების საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. აფხაზეთის მოქალაქეობის არქონაც კი ვერ იხსნით მათ სამხედრო მობილიზაციისაგან. ახლა მოსკოვის საამებლად ჩვენი ხელისუფლება სასწრაფოდ უზრუნველყოფს გალელებს ყველა საჭირო საბუთით.
როცა 2002 წლის ივნისში აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის გაცემის კამპანია განახლდა, შედეგებზე ცოტას თუ ეფიქრებოდა, ხალხი მხოლოდ პენსიებზე, დანამატებსა და სხვა «სიკეთეებზე» ფიქრობდა. გავიდა 20 წელი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაშს უკრავდა და მადლობებს იხდიდა რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძებლობის გამო, ახლა იძულებულია, სიცოცხლის გასაწირად წავიდეს აფხაზეთის სტრატეგიული პორტნიორის, «კარგი მეგობრისა» და დიდი მეზობლის ინტერესების გამო.
უფასო ყველი, როგორც ცნობილია, მხოლოდ სათაგურშია და მასში თავი ნებით შევყავით. როგორც ჩანს, დგება ვალის გადახდის დრო, რამაც შესაძლოა, აფხაზეთს წარმოუდგენელი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. უკვე განგვიცხადეს – «ვალს გადახდა უყვარსო» და ახლა ჩვენზეა რთული, აფხაზეთის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება.
კრისტინა ავიძბა
________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება