26-09-2022 17:42:51 პოლიტიკა
ეუთო–ში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია ვინ შეუშვას ქვეყანაში და რა რაოდენობით, თუმცა, მისი თქმით, "სახელმწიფო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც საქართველოში არა მხოლოდ ორი რეგიონია ოკუპირებული, არამედ ახალგაზრდა რუსი მამაკაცების დიდი შემოდინებაა". ამის შესახებ მან ონლაინ პრეს–კონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, "იგი აფასებს შეშფოთებას, რომელიც ბევრ ქართველ აქვს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო".
"რა თქმა უნდა, რუსეთი სადღეისოდ აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას და ეს არის შეშფოთების უდიდესი საგანი. რუსეთს არასდროს მოუხდენია ცეცხლის შეწყვეტის 6- პუნქტიანი შეთანხმების პირობების იმპლემენტაცია 2008 წლის აგვისტოდან და ინარჩუნებს სამხედრო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში აღნიშნული შეთანხმებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით. ვაფასებ შეშფოთებას, რომელიც ბევრ ქართველ აქვს, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი შედინების გამო. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილებაა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ მიიღოს და რა რაოდენობით. მაგრამ საქართველო ცალსახად უპრეცედენტო ვითარების წინაშე დგას, სადაც არა მხოლოდ ორი რეგიონია არალეგალურად ოკუპირებული რუსეთის მიერ, არამედ თქვენთან არის ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცების დიდი შემოდინება, ვინც რუსეთიდან მობილიზაციის ბრძანების შედეგად მოდის. თითოეული ქვეყანა განსხვავებული იქნება იმ მიმართულებით, როგორ უპასუხებს რუსეთის მოქალაქეების სურვილს, გაიქცნენ თავისი ქვეყნიდან. თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვეტილება იმაზე დაფუძნებით უნდა მიიღოს, რაც საუკეთესო იქნება ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის“,- განაცხადა კარპენტერმა.