
ეუთო–ში აშშ-ის ელჩი უკრაინის ომის ფონზე აშშ-ის მიერ კავკასიისადმი ინტერესის დაკარგვას უარყოფს
26/09/2022 13:41:59 პოლიტიკა
ეუთო–ში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პრორუსი პროპაგანდისტების ნარატივი, რომლის თანახმად, უკრაინის ომის ფონზე აშშ-მა და მთლიანობაში დასავლეთმა კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგეს. ამის შესახებ მან ონლაინ პრეს–კონფერენციაზე "აქცენტის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"რუსული დეზინფორმაცია, პროპაგანდა ძალიან აქტიურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებით საქართველოში. წლების განმავლობაში რუსული ტელეარხებზე წვდომა აქვთ საქართველოს ბევრ მოქალაქეს, როგორც ჩანს პრორუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ფავორიტი მესიჯია, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები არიან შორს, ნაკლებად ჩართულები და რუსეთი ახლოსაა და საქართველოს უნდა ჰქონდეს კავშირი რუსეთთან, რათა შეძლოს წინსვლა. შემიძლია, ვთქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება", – აღნიშნავს კარპენტერი.
მან რეგიონში აშშ–ის მიმდინარე ჩართულობებზე ისაუბრა:
"აშშ ღრმად არის ჩართული რეგიონში. ჩვენ ამჟამად ჩართულები ვართ დისკუსიებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მათი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესს სომხეთსა და თურქეთს შორის და ჩვენ ძალიან ჩართულნი ვართ საკუთრივ საქართველოსთან, ახლახანს თბილისში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ფილიპ რიკერი და ვაგრძელებთ მაღალი დონის ჩართულობას საქართველოსთან".
როგორც ეუთო–ში აშშ-ის ელჩი აღნიშნავს, "საქართველო არის ერთ–ერთი იმ მცირე დემოკრატიებიდან რეგიონში, რომელთანაც აშშ–ს დიდი ხანია, ღრმა კავშირები აქვს":
"როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე შემუშავდა „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა", რომელიც დაეხმარა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. გარდა ამისა, საქართველო ჩვენს გვერდით იყო ავღანეთში, სადაც ბევრი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა".
მისი თქმით, ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ქვეყნის მისწრაფება არის ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანება.
"სიმართლე არის ის, რომ საქართველოს ტრაექტორია არაერთხელ არის დადასტურებული როგორც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ისე მოსახლეობის მიერ, რომ არის დასავლეთის სტრუქტურებთან – ნატო–სა და ევროკავშირთან შეერთება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ მიმართულებით. რასაც რუსი პროპაგანდისტები ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩანს, რომ რუსული რბილი ძალა და მყარი ძალა სუსტდება, ვფიქრობ, ბევრი ქვეყანა რეგიონში იაზრებს, რომ მათი მომავალი არ არის დაკავშირებული ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან, არამედ დაკავშირებულია სხვა მიმართულებაზე", – დასძინა კარპენტერმა.