26-09-2022 18:58:25 მსოფლიო
საქართველო–რუსეთის სახელმწიფო საზღვარი “ზემო ლარსი” ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, – იუწყება კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი ირბეკ ტომაევი.
მისი ცნობით, ეს მაჩვენებელი 23,3%-ით აღემატება გასული კვირის მონაცემებს.
„ქვეყანაში განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენი რესპუბლიკის გავლით საგრძნობლად გაიზარდა მსუბუქ ავტომობილთა ნაკადი საქართველოს მიმართულებით.
დღეს ზემო ლარსზე მოსალოდნელია დაახლოებით 3,5 ათასი ავტომობილის გადასვლა, რომლებშიც ძირითადად სამხედრო ასაკის პირები სხედან. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყარეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე 800-მდე მანქანაა დაგროვილი.
რესპუბლიკის გზებზე ტრანზიტული მანქანების საერთო რაოდენობა 4891-ია, მათ შორის, 1391 სატვირთო და 3,5 ათასი მსუბუქი მანქანა“, — განაცხადა ირბეკ ტომაევმა.
დღეს, „ზემო ლარსზე“, რუსეთის მხრიდან რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ინფორმაცია რუსეთის ФСБ-მ დაადასტურა და განმარტა, რომ ჯავშანტრანსპორტიორი საჭიროა იმ შემთხვევისთვის, თუ რიგში მდგომი ხალხი გადაწყვეტს, „გაარღვიოს საგუშაგო“ და შეეცდება, ქვეყანა სასაზღვრო ფორმალობების გავლის გარეშე დატოვოს.
უწყების მტკიცებით, ადგილზე ბლოკ–პოსტის მოწყობა არ იგეგმება.
დეპარტამენტი ირწმუნება, რომ საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და „არავითარი შეზღუდვა სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არ დაწესებულა“.
თავის მხრივ საქართველოს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტების კითხვას, უშვებენ თუ არა ქვეყანაში რუსეთის საზღვრის გადაკვეთის მსურველ ყველა მოქალაქეს და გათვალისწინებულია თუ არა რისკები სახელმწიფოსთვის, უპასუხა, რომ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესების დაცვით - ინფორმაცია გროვდება საგუშაგოებზე, ხდება მისი ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ პირთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანთა ნაკადის გაზრდის გამო, შესაბამისი სამთავრობო უწყებები უფრო აქტიურად და უფრო დიდი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე ადრე.
„გაიზარდა ტვირთი ყველა დეპარტამენტზე, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის გადაკვეთის შესრულებას და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ხელისუფლება ამ უკონტროლობით რუსული აგრესიის საფრთხეს ქმნის- ახდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილ თემის კომენტირებისას.
„ეს ხალხი, ვიღაცა პირდაპირი აგენტურაა, ვიღაცა მართლა გამოქცეულია, მაგრამ ვინც ომს გამოექცა რუსეთიდან, ეს ხალხი არის რუსეთის ФСБ–სთვის, ძალიან ადვილი "დასავერბოვკებელი" თავისი მიზნებისთვის საქართველოში, რომელიც რაღაც მომენტში ჩაირთვება. ესეთი ბევრი ფაქტი მოუყოლიათ ჩემთვის უკვე, ФСБ–ს აგენტურა დადიან კაფეებში, რესტორნებში, მაღაზიებში, ამ გამოქცეულ ხალხს ელაპარაკებიან და ეუბნებიან, ან იმუშავებენ ФСБ–ზე, ისინი იქიდან კი არ ჩამოდიან აგენტებად, აქ ФСБ–ს აგენტები „ავერბოვკებენ“ შემდეგი მოტივით - ან იმუშავებ ჩვენზე, ან თუ არადა, რუსეთში ადრე თუ გვიან ხომ დაბრუნდები და პრობლემები გექნება დეზერტირობასთან დაკავშირებით და ა.შ. ფაქტობრივად, ჩვენ ამ ვითომ გამოქცეული ხალხიდან 2-3 თვეში მივიღებთ ФСБ–საგენტურულ ქსელს ძალიან ფართოს, შეიძლება, ითქვას – სისტემურს“.
***
ცნობისთვის: 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.
რუსეთში ახლახან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მობილიზაციის და სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ნაწილის თვითნებურად დატოვება და თვეზე მეტხანს სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი - 2-დან 3 წლამდე პატიმრობით. 10 წლით პატიმრობაა გათვალისწინებული საკუთარი ნებით ტყვედ ჩაბარებისთვის.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც. პოლიცია აქციებს ძალის გამოყენებით შლის და მონაწილეებს აკავებს.