
"საქართველოში რუსების შემოშვება და ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის გზის დაბლოკვა დიდი შეცდომაა!"
26/09/2022 15:25:37 კავკასია
რუსების შემოშვება და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხებისთვის გზის დაბლოკვა არაა სწორი გადაწყვეტილება,– ამბობს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი და დასძენს, რომ თუ უსაფრთხოების რისკებზე მახვილდება ყურადღება, რუსეთის ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს არ გაატარებდა საქართველო:
„დღეს ქვეყანაში ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრებს რომ არ უშვებენ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა! ამის გაკეთება არ შეძლება! პუტინი არაა მუდმივი, არც არსებული რუსეთი, კავკასიას კი მომავალი აქვს მხოლოდ ძმური კავშირებით, ურთიერთობებით და დღეს ასეთი დამოკიდებულება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ მობილიზაციას... პუტინი მობილიზაციას მცირე ხალხების ხარჯზე ცდილობს. კავკასიელები პირველ რიგში, ცხადია, ცდილობენ წავიდნენ მოძმე ქვეყანაში – საქართველოში“.
მისივე თქმით, „რეალურად საქართველოს ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია ამ ხალხების მიმართ, რომლებიც რუსეთის უღელ ქვეშ ამოჩნდნენ“:
„უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია: ვიდრე საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატს არ მოაწერა ხელი, რუსეთმა თავი ვერ დაიმკვიდრა კავკასიაში. ახლა საქართველო უნდა უწყობდეს ხელს იმას, რომ სხვა ხალხებიც აღწევდნენ თავს რუსეთს. როდესაც დღეს ამ ხალხების გენოციდი მიდის, უპირველესად, საქართველომ უნდა გაუწოდოს მათ დახმარების ხელი, უნდა განბლოკოთ საზღვარი, შეუშვას ეს ხალხი ქვეყანაში. შემდეგ ეს ხალხი შესაძლოა, სხვა ქვეყნებში გადავიდეს, მაგრამ გენოფონდი რომ გადავარჩინოთ, ეს ხალხი უნდა გაექცეს მობილიზაციას! საქართველოს პოზიცია არ უნდა იყოს ანტიკავკასიური, უნდა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც გაურბიან გარდაუვალ სიკვდილს!“,– განაცხადა ზაკაევმა „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, ამის ახსნა [ჩრდილოეთ კავკასიელების არ შემოშვება] არ შეიძლება იმგვარად, თითქოს უსაფრთხოებას იცავენ. გარწმუნებთ, ჩრდილოეთ კავკასიელები გაცილებით კეთილგანწყობილნი არიან საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ვიდრე ის ხალხი, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველო–რუსეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი რიგებია მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა. ვრცელდება ცნობები, რომ უშუალოდ ჩრდილოეთ კავკასიელებს საზღვარზე არ ატარებენ განსხვავებით რუსეთის სხვა მოქალაქეებისგან.
ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ მას დაუკავშირდნენ ჩეჩნეთის მკვიდრები და უთხრეს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე მეოთხე დღეა, იმყოფებიან ახალგაზრდა კაცები, ქალები და ბავშვები, თუმცა მათ საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ:
“ლარსის გამშვები პუნქტიდან ჩეჩნები დამიკავშირდნენ, მათ საქართველოში არ უშვებენ. უკვე 4 დღეა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან. იქ არიან ქალები, ბავშვები და ახალგაზრდა მამაკაცები. რუსები, რომლებიც საზღვარზე გადადიან, რაღაც ოთახში შეჰყავთ და დაკითხვას უტარებენ. შემდეგ ან უშვებენ ან უკან აბრუნებენ. ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულ ადამიანებს კი [იმ ოთახშიც] არ უშვებენ. უსამართლობაა რუსების შეშვება და კავკასიელების არა. ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს. უცნაურია რაც ხდება. თუ ვინმე უნდა შეუშვან საქართველოში, ეს კავკასიელები უნდა იყვნენ. რადგან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული ბრძანებაა გაცემული, რომ ქართველებმა კავკასიელები არ გაატარონ. რუსეთში რაც ხდება ყველამ იცის. ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანებს იჭერენ და ომში ძალით უშვებენ. იგივე ელოდებათ იმ ბიჭებს, რომლებიც ლარსის საზღვარზე იმყოფებიან. ამ ადამიანებს არ სურთ უსამართლო ომში მონაწილეობა. ვიმედოვნებ, რომ რუსეთში არსებული არასტაბილური ვითარება რეჟიმს დაასრულებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მდგომარეობა არასტაბილური და მძიმეა. არავინ იცის, რა მოხდება”, – უთხრა “მთავარ არხს” ტუმსო აბდურახმანოვმა.
მის ტელეგრამ არხში ასევე ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტში, სავარაუდოდ, მოსაცდელ ოთახში ათობით ადამიანია თავმოყრილი, რომლებსაც იატაკზე სძინავთ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა ქალის ვიდეო გაავრცელა ტელეკომპანია “მთავარმა არხმა”. ქალი ჰყვება, რომ იმედი ჰქონდათ ბავშვების უსაფრთხო ქვეყანაში გადაყვანას შეძლებდნენ, თუმცა “ოთხი დღეა, საზღვარზე სძინავთ”.
“საჭმელიც არ გვაქვს. შოკში ვართ. ქალები არიან მცირეწლოვანი ბავშვებით. ყირიმელ თათრებსაც არ ატარებენ. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ”, – ამბობს ქალი.
საქართველოს შსს–ში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.