
ზალუჟნი: „ჩვენ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, მაგრამ ჩვენი გამარჯვება არ იქნება ფინალი“
26/09/2022 18:49:13 ევროპა
უკრაინა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს, მაგრამ რუსეთთან ომში მისი გამარჯვება ფინალი არ იქნება,– ამის შესახებ ამერიკულ ჟურნალ TIME-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომლის ფოტოც გაზეთმა მთავარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„იქიდანგამომდინარე, რაც რუსების შესახებ ვიცი, ჩვენი გამარჯვება ფინალი არ იქნება: ჩვენი გამარჯვება იქნება შესაძლებლობა ამოვისუნთქოთ და მოვემზადოთ შემდეგი ომისთვის“, - განუცხადა ზალუჟნიმ TIME-ს.
გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ზალუჟნის მისმა ამერიკელმა კოლეგამ - აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ჰკითხა, "გეგმავს თუ არა ევაკუაციას უფრო უსაფრთხო ადგილას."
„მე მას ვუთხარი: „არ მესმის შენი. ჩემთვის ომი 2014 წელს დაიწყო... არც მაშინ გავქცეულვარ და არც ახლა ვაპირებ გაქცევას“, - ციტირებს უკრაინელ მთავარსარდალს TIME.
ჟურნალისტების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ესმოდა, რომ ომი გარდაუვალი იყო:
„ომის სუნი არ შეიძლება, რამეში აგვერიოს. და ის უკვე ჰაერში ტრიალებდა“.
ჟურნალისტებთან საუბარში მან დაადასტურა, რომ უკრაინა ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ არ სურდა, ამის შესახებ რუსებს სცოდნოდათ.
„ვშიშობდი,რომ სიურპრიზის ელემენტს დავკარგავდით. ჩვენ გვჭირდებოდა, მტერს ეფიქრა, რომ ყველანი ბაზებზე ვიყავით, ვეწეოდით ბალახს, ვუყურებთ ტელევიზორს და უბრალოდ ვაქვეყნებთ შეტყობინებებს „ფეისბუქზე“, - ციტირებს ზალუჟნის სიტყვებს ამერიკული გაზეთი.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინელ მთავარსარდალს, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ორი მთავარი სტრატეგიული მიზანი ჰქონდა:
„ჩვენ არ უნდა დაგვეშვა კიევის დაცემა. ყველა სხვა რაიონში კი მათი სისხლი უნდა დაგვეღვარა მაშინაც კი, თუ გარკვეულ ადგილებში ეს მოითხოვდა ტერიტორიების დაკარგვას”,- ამბობს ზალუზნი.
გამოცემის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „სურდა, დაეშვა რუსების წინსვლა, შემდეგ კი გაენადგურებინა მათი კოლონები ფრონტზე და მიწოდების ხაზები ზურგში“.
„მათ ჯარისკაცები უბრალოდ სასაკლაოზე წაიყვანეს – აირჩიეს სცენარი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა, ”- ციტირებს TIME ზალუჟნის.
2022 წლის აპრილში Politico-მ გენერალ ზალუჟნის უწოდა "რკინის გენერალი", რომელიც გახდება "ისტორიული ფიგურა" უკრაინის არმიაში.
ერთი თვის შემდეგ, ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 2022 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ივნისის დასაწყისისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომელსაც ომის დროს ზალუჟნი მეთაურობს, უკრაინელების ნდობის რეიტინგის სათავეში იყვნენ.
7 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღიარა უკრაინელი სამხედროების სარაკეტო თავდასხმები ყირიმში, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე 2022 წლის აგვისტოში.