
შს მინისტრი – ბადრი ესებუაზე: "ცოტა სახუმაროსავით გახდა ეს თემა"
27/09/2022 08:00:22 პოლიტიკა, სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ–ერთ ფილიალზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას ძებნა კვლავ გრძელდება.
"ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა. არაერთხელ ავხსენი და ცოტა სახუმაროსავით გახდა ეს თემა. სახუმარო არ არის თემა, ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არის ადამიანი, რომელსაც 20 წელი ვეძებდით. შარშან დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. ყველას უნდოდა მისი დაკავება, ბატონ მერაბიშვილს და მის გუნდს, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ჩვეულებრივი ნორმალური თემაა. ისე ნუ უყურებთ, თითქოს ეს კატასტროფაა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის შესაძლოა, ბადრი ესებუას საქართველოს ტერიტორია დატოვებული ჰქონდეს.
ბადრი ესებუას ადგილსამყოფლის თემა გააქტიურა მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს ქუთაისში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ–ერთ ფილიას დაესხა თავს შეიარაღებული თავდამსხმელი და მძევლად 12 ადამიანი აიყვანა. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ის, რომ ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა დაკავებისას მიიღო დაზიანებები სხეულზე, რაც მისი განიარაღებისას ძირს დავარდნით იყო გამოწვეული.