
გომელაური – ნარსიაზე: "თუ ეს ადამიანი ჩივის, რომ მერე სცემეს, გამოიძიებენ, თუ გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა"
27/09/2022 08:25:38 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ქუთაისში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ–ერთ ფილიალში შეჭრისთვის დაკავებულმა გრიგოლ ნარსიამ სახეზე დაზიანებები დაკავების ოპერაციის დროს მიიღო.
მისი თქმით, ნარსია დაკავების დროს სამართალდამცველებს არ დაემორჩილა.
„კაცს ჰქონდა ასხმული ბომბები და ხელყუმბარები, დააკავეს, დააწვინეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები. ფოტო არ მინახავს. რომ ავედით დეპარტამენტში, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, ვესაუბრე, რაზე, არ ვიტყვი. დაზიანებები დაკავების დროს ჰქონდა მიღებული. არის სამსახურები და თუ ეს ადამიანი ჩივის, რომ მერე სცემეს ან სადმე სცემეს ან ზეწოლა იყო, იჩივლებს, საჩივარს შეიტანს და სხვა სამსახურები [სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა] გამოიძიებენ, თუ გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, – განაცხადა მინისტრმა.
გრიგოლ ნარსიას დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს და მოგვიანებით ფოტოც გამოაქვეყნეს.
სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება შეისწავლის მისი დაზიანების გარემოებებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა.
თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.