
თავდაცვის მინისტრი – საქართველოში რუსების შემოდინებაზე: "ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე"
27/09/2022 08:32:46 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ქვეყანაში რუსების ჭარბი რაოდენობით შემოსვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ვერ ხედავს საფრთხეებს ამ ეტაპზე".
მისი თქმით, გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გამკაცრებულია.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა რუსების ჭარბი რაოდენობით შემოსვლა ქვეყნისთვის საფრთხე, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ "თეორიული რისკი ყოველთვის არსებობს":
„ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 21 სექტემბერს გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცებით, მობილიზაცია ეხება 300 ათას რეზერვისტს. გამოცემა "Новая газета" რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინის განკარგულების გასაიდუმლოებული მუხლი მილიონი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.
21 სექტემბრიდან რუსეთის ქალაქებში დაიწყო მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლებიც, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეები დააკავა.
პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის აეროპორტები და სახმელეთო საზღვრები გაივსო ქვეყნიდან წასვლის მსურველებით, მათ შორის ავტომობილების რიგი დადგა საქართველოსთან საზღვარზე.