"ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, ნიშანია იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვს ომბუდსმენად დამოუკიდებელი კანდიდატების დამტკიცება დაბლოკოს"
27/09/2022 10:40:12 პოლიტიკა
ხელისუფლების განცხადება იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სანდო არ არიან, უკვე არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს სახალხო დამცველის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატების დამტკიცება დაბლოკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „ლელო“ ომბუდსმენის თანამდებობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს დაუჭერს მხარს.
„ასეთი იყო ჩვენი პოზიცია, ეს რჩება და ასე იქნება მომავალშიც - ყველა იმ კანდიდატს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ხელისუფლების დღის წესრიგშია მიიტაცოს ის დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რაც სახალხო დამცველის სახით დარჩა. მათ მიერ შემოთავაზებული არჩევის გეგმა და წესები სწორედ აქეთკენ არის გამიზნული“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს. მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან: მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე და “სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
„მდიდარმა არასამთავრობოებმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ“,- ასე გამოეხმუარა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანზაციების (NGO) მიერ სახალხო დამცველის კანდიდატების დასახელების ფაქტს.


