27-09-2022 16:42:05 კავკასია ,ანალიზი
თქვენთან მოხვედრა ძვირი ჯდებაო,– თქვა საქართველოში შემოსულმა რუსეთის ერთ–ერთმა მოქალაქემ, რადგან, როგორც არაოფიციალური გზებით გახდა ცნობილი, რიგ შემთხვევებში, რუსი მესაზღვრეები ქვეყნის დატოვების მსურველებს 5 000 დოლარის სანაცვლოდ ატარებენ. თუმცა ეს მძიმე მოლოდინებით სავსე თავგადასავლის დასასრული სულაც არ არის – მათ შემდეგ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა უწევთ და თუ ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრთა ნაამბობით ვიმსჯელებთ, საკუთრივ მათთვის არ არსებობს არანაირი გარანტია, ომში მოხვედრის გარდაუვალ პერსპექტივას გამოქცეულებმა ეს შეძლონ.
რუსების მეორე ნაკადად შემოდინებით შეშფოთებული საზოგადოების ნაწილს დღეს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ამცნო, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველ დღეებში საქართველოს საზღვარს 6 000–მდე ადამიანი კვეთდა, ხოლო ბოლო დღეებში ეს მაჩვენებელი 10 000–მდე გაიზარდა. ამდენად, დაახლოებით, ბოლო ერთ კვირაში 21 000–მდე ადამიანზე უნდა იყოს საუბარი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, შს მინისტრიც გვარწმუნებს, საზღვარზე შემოსვლის მსურველთა „ფილტრაცია“ ხორციელდებაო, მაგრამ თუ კვლავ საქართველო–რუსეთის საზღვრის ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ ჩარჩენილ ჩრდილოეთ კავკასიელებს დავეყრდნობით, როგორც ჩანს, ეს მიდგომა საკუთრივ მათ ეხებათ კანონის აბსოლუტურად ბუნდოვანი და ზოგადი მუხლის მითითებით.
ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის საზღვარზე პრობლემების შექმნის, შემოსულებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე შექმნილ პრობლემებზე, რუსეთისთვის გადაცემის ფაქტებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დიდი ხანია, საუბრობენ, მაგრამ ეს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება ახლა, როდესაც ადამიანები გადარჩენას ცდილობენ.
ჩეჩნეთიდან დევნილი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვის სოციალურ გვერდებზე ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე, სავარაუდოდ, მოსაცდელ ოთახში ათობით ადამიანია თავმოყრილი, რომლებსაც იატაკზე სძინავთ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ იმედი ჰქონდათ ბავშვების უსაფრთხო ქვეყანაში გადაყვანას შეძლებდნენ, თუმცა “ოთხი დღეა, საზღვარზე სძინავთ”:
“საჭმელიც არ გვაქვს. შოკში ვართ. ქალები არიან მცირეწლოვანი ბავშვებით. ყირიმელ თათრებსაც არ ატარებენ. ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ”.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამაზან კადიროვის საჯარო განაცხადი, „რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნებაო“, ბლეფი და კეკლუცობა აღმოჩნდა, რადგან შედგენილი სიები უკვე პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებსაა გადაცემული. ხოლო ირაკლი კუპრაძე მერვე დღეა, საკუთარი მეგობრების – „ნეიტრალურ ზონაში“ ჩარჩენილი 21 და 29 წლის ორი ჩეჩენი ახალგაზრდის გადარჩენას უშედეგოდ ცდილობს, რომლებიც ომში მოხვედრის პერსპექტივას გამოქცევის გამო ჩეჩნეთის რეჟიმმა მოღალატეებად გამოაცხადა. მათ რიგში სამი დღე დაჰყვეს, გადმოლახეს რუსეთის საზღვარი, საქართველომ კი ქვეყანაში შემოშვებაზე უარი უთხრა.
„ლარსზე არის 222 ოთახი, სადაც სავარაუდოდ, სუს–ის წარმომადგენლები სხედან [დღეს შს მინისტრმაც დაადასტურა, საზღვარზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც გვეხმარებიანო]. რუსები პირდაპირ მესაზღვრესთან მიდიან, საკუთრივ ჩრდილოეთ კავკასიელები კი ამ მითიურ ოთახში, სადაც ატოვებინებენ პასპორტებს და რამდენიმე საათის შემდეგ ეუბნებიან პასუხს. რეალურად ლატარიასავითაა – ერთს უშვებენ, მეორეს არა, სხვაგვარად შეუძლებელია ამ გაუგებარი პრინციპის ამოხსნა. არადა სამი თვის წინ ეს ბიჭები საქართველოში იყვნენ. თუ მაშინ არ წარმოადგენდნენ საფრთხეს, საფრთხის შემცველები დღეს გახდნენ?!“,– უამბობს "აქცენტს" კუპრაძე.
მან საქართველოში შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით სცადა მეგობრების დახმარება, თუმცა უშედეგოდ:
„ყველა იმედი გადაგვიწურეს, პარალელურად დაგვცინეს,“გაასაჩივრონ შემოსვლაზე უარიო“. ვიკითხე „როგორ“–მეთქი? რუსეთში დაბრუნდნენ, შვეიცარიის საელჩოში მივიდნენ და იქ დატოვონ საჩივარიო. ეს უბრალოდ – სიგიჟეა! უნდა გვესმოდეს, რომ ისინი უკან ვერ დაბრუნდებიან, ეს სრულიად წარმოუდგენელია: წარმოიდგინეთ, როდესაც იქ უკვე მოღალატეებად ჰყავთ შერაცხილი და იძახებენ პოლიციაში, ეს ჩეჩნეთში ადამიანების წამებას, განადგურებას, სიკვდილს ნიშნავს“,– გვიზიარებს ახალგაზრდების დილემას კუპრაძე და ის, ვისაც კადიროვის რეჟიმის პირობებში ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ზოგადი წარმოდგენა მაინც აქვს, მსგავს პერსპექტივასთან დაკავშირებით ეჭვები არ გაუჩნდება.
იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში
ადგილზე მძიმე ემოციური ფონი და კვების პრობლემაა:
„რამდენ ხანს გაძლებენ, არ ვიცი. იქ ერთადერთი „დუთი ფრია“ სადაც ორცხობილას, ვისკის და შოკოლადის ყიდვაა შესაძლებელი. შეუძლებელია, რვა დღე მსგავს კვებაზე იყო და კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ გაჩერება, არავინ იცის. ბავშვები, ქალაქები ყრიან იატაკზე, ვერც წინ მიდიან, ვერც უკან ბრუნდებიან და არიან ასეთ მძიმე მდგომარეობაში“.
დაღესტნელი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით გაუმართლა და იმ „მითიური ოთახიდან“ საზღვრის კვეთაზე თანხმობა მიიღო, საზღვარზე არსებულ ვითარებაზე საუბარს თავს გასაგები მიზეზებით არიდებს თავს, თუმცა ყვება მის რესპუბლიკაში შექმნილ დაძაბულ გარემოზე.
„კვირას ძალიან დაძაბული დღე იყო [მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები გაიმართა – რედ.]: ახალგაზრდები პოლიციაში წაიყვანეს – 150 კაცამდე, ქალები სცემეს, ასაკოვან კაცებს ხელებს ზურგს უკან უკრავდნენ და პირდაპირ სახეში ურტყამდნენ! ამბობენ, რომ საზღვრებს ჩაკეტავენ, შესაძლოა, ეს დღესაც მოხდეს. მე ძლივს გამოვასწარი. ახალგაზრდების 90%–ს ჯარში არც უმსახურია, გასული 10 წლის განმავლობაში გაწვევაც არ ყოფილა, ამდენად, არ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც სამხედრო წვრთნა გაიარეს, მაგრამ ხალხს უბრალოდ ქუჩებში აჩერებენ, მანქანებიდან გადმოჰყავთ ბიჭები, აძლევენ გაწვევის ბარათს და პირდაპირ ომში უშვებენ“.
სამოქალაქო თანასწორობის ცენტრის (EMC)–ის დამფუძნებელი თამთა მიქელაძეც აღნიშნავს, რომ საზღვრის კვეთის პრაქტიკა საქართველოში მკვეთრად თვითნებურ ფორმას ატარებს:
„არსებობს შსს და სუს მიერ შედგენილი სიები, რომელშიც არავინ იცის რა კრიტერიუმებით, სტანდარტით, პროცედურით ხდება ადამიანის შეყვანა და ამოშლა და რომელ წარმომადგენლობით დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამ თვითნებობის მიზეზი კანონის ბუნდოვანი ჩანაწერებია. ამ პროცესზე სასამართლო კონტროლიც სუსტი და ფორმალურია. თუმცა, აქ ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კითხვაც: იღებს თუ არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური და შსს მხედველობაში მაგალითად, რუსეთის და ბელორუსის უსაფრთხოების და სხვა ოფიციალური სამსახურების მიერ გაცემულ ცნობებს კონკრეტული ადამიანების შესახებ ლეგიტიმურად?! თუ ეს ასეა, ეს წარმოუდგენელ რეალობაში ჩაგვაგდებს!
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ლარსის საზღვარზე არის ცალკე ოთახი, სადაც ჩრდილოეთ კავკასიელებს ცალკე და მკაცრად ამოწმებენ, რაც ცალსახად დისკრიმინაციულია და ადამიანებს აქვთ განცდა, რომ აქ საზღვრის კვეთაზე უფრო მეტი უარი მიიღება. დროთა განმავლობაში ეს პროცესი როგორ წავა, უფრო ნათელი გახდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი მედიის, სახალხო დამცველის, სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის საგანი გახდეს“.
მიქელაძე რუსეთში სამხედრო მობილიზაციის პირობებში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველომ ჩრდილოეთ კავკასიიდან, განსაკუთრებით ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან (თუ ამის საჭიროება დადგება, ასევე აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან) შემოსულ ადამიანებს საზღვრის კვეთის მოქნილი პირობები შეუქმნას და მათ მხარდაჭერა მისცეს:
„ეს ჩვენი ისტორიული ვალი და მისია კავკასიის რეგიონში. ყველა წინა ხელისუფლება ამ ამოცანას მეტნაკლებად ასრულებდა და მგრძნობიარე იყო ამ საკითხის მიმართ. შევარდნაძემ ყველაზე რთულ პერიოდში მიიღო ლტოლვილების დიდი ტალღა ჩეჩნეთიდან“.
ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ ამ საკითხში მონღოლეთს უნდა მივბაძოთ, ყოფილმა პრეზიდენტმა ბურიატებს და სხვა მონათესავე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს რომ მიმართა თავშესაფართან დაკავშირებით“:
„ანალოგიურად შეგვიძლია, ახლა მაინც: შევასრულოთ კავკასიის ცენტრალური კვანძის ფუნქცია; ხელი შევუწყოთ ამ ხალხის დაახლოებას ჩვენთან; პირადად მე მოსკოვიდან და პეტერბურგიდან წამოსულ ნაკადში მეტ საფრთხეს ვხედავ, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ფიზიკურად არ/ვერ შემოვა იმდენი, რამდენიც რუსეთის სხვა რეგიონებიდან“.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი ამბობს, ვლადიმირ პუტინი მობილიზაციას მცირე ხალხების ხარჯზე ცდილობს, მათ შორის, კავკასიელების და იმ პირობებში, როდესაც „დღეს ამ ხალხების გენოციდი მიმდინარეობს, უპირველესად, საქართველომ უნდა გაუწოდოს მათ დახმარების ხელი, უნდა განბლოკოს საზღვარი“:
„გენოფონდი რომ გადავარჩინოთ, ეს ხალხი უნდა გაექცეს მობილიზაციას! საქართველოს პოზიცია არ უნდა იყოს ანტიკავკასიური, უნდა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც გაურბიან გარდაუვალ სიკვდილს! გარწმუნებთ, ჩრდილოეთ კავკასიელები გაცილებით კეთილგანწყობილნი არიან საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, ვიდრე ის ხალხი, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ!“.