Accentnews.ge
მუხთარლი გომელაურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

მუხთარლი გომელაურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს

27/09/2022 14:49:16 პოლიტიკა, სამართალი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ადვოკატთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„[საქართველოს] პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს მივმართავ შს მინისტრის გადაყენების მოთხოვნით, ასევე პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებს“, - განაცხადა მუხთარლიმ, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა.

ჟურნალისტის თქმით, მისი გატაცების უკან "ქართული მხრიდან ბიძინა ივანიშვილი იდგა, აზერბაიჯანული მხრიდან კი - პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ეს ყველაფერი გააკეთეს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს კრიმინალურ პოლიციასთან ერთად".

აფგან მუხთარლის უფლებადამცველმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, რომ მუხთარლიმ საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სუს–ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მის საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა:

"გოგაშვილმა საქმეში ფიგურანტად დაასახელა როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ვახტანგ გომელაური, ასევე დავალების შემსრულებელი კუპრაშვილი. აფგანმა გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რათა დახმარებოდა გამოძიებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამოცნობების ჩატარება, დასახელებული ადამიანის იდენტიფიცირება, იყო თუ არა ეს ადამიანი გამტაცებლებს შორის. დღეს გავეცნობით სისხლის სამართლის საქმის მასალებს. როდესაც უკვე გვექნება ოფიციალურად ინფორმაცია, თუ რას აკეთებენ, ამის შემდეგ საჭირო საგამოძიებო მოქმედებებს მოვითხოვთ".

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მას აზერბაიჯანის სასამართლომ თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2020 წლის მარტში აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S