
როგორ ხვდება რუსული მობილიზაციის საფრთხეს ცხინვალის რეგიონი
27/09/2022 21:14:25 კონფლიქტები
რუსული სამხედრო მობილიზაციის გამო მღელვარებაა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიც. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს 27 სექტემბრის სხდომაზე “პრეზიდენტმა” ალან გაგლოევმა ძალოვანებს რუს კოლეგებთან “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მაცხოვრებლების გადაადგილების წესის” შეთანხმება დაავალა.
ადგილობრივი დამკვირვებლები ამას რუსული კომისარიატების ამასწინანდელ მცდელობას უკავშირებენ, რეგიონის მკვიდრნი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციისთვის დაექვემდებარებინათ.
ცნობისთვის: გასულ შაბათ-კვირას ოკუპირებული რეგიობის რამდენიმე მკვიდრს, რომლებიც უქმე დღეებში ჩრდილოეთ ოსეთში (რუსეთი) იყვნენ გადასულები, უკან დაბრუნებისას პრობლემები შეექმნა. მათ ნაწილს რუსულმა სამხედრო კომისარიატმა სამობილიზაციო უწყისები გადასცა. დანარჩენები კი, მათ შორის - ოსური დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ოფიცერი, როგორც რეზერვისტები, რუსმა მესაზღრეებმა ვლადიკავკაზიდან ცხინვალის რეგიონში აღარ გადმოუშვეს.
“მოქალაქეთა გადაადგილების წესის შეთანხმებაზე” საუბრისას გაგლოევს სავარაუდოდ, რუსეთთან “ორმაგი მოქალაქეობის საკითხთა დარეგულირების შესახებ” შეთანხმება ჰქონდა მხედველობაში, რომლის რატიფიცირების შესახებ კანონს პუტინმა მიმდინარე წლის 28 მაისს მოაწერა ხელი. თუმცა დოკუმენტი, როგორც ირკვევა, ამ დრომდე არ შესულა ძალაში, რადგან რუსულ და ოსურ მხარეებს სარატიფიკაციო სიგელები ჯერ არ გაუცვლიათ.
ეს ნიშნავს, რომ ცხინვალის რეგიონის მკვიდრ გაწვევის ასაკის მამაკაცებს ჰმართებთ, რუსეთში მგზავრობისგან თავი შეიკავონ, სანამ იქ სამობილიზაციო გაწვევა არ დასრულდება, ან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის საკითხი ბოლომდე არ დარეგულირდება.
ადგილობრივი დე ფაქტო ჩინოსნების გათვლით, ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა დაახლოებით 90% რუსული პასპორტების მფლობელია, მათგან 70-80%-ს რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრაცია გააჩნია. არადა, ყველა, ვინც რუსეთში ერთი წელი მაინც იცხოვრა, ისწავლა ან იმუშავა, იქაურმა კომისარიატებმა ავტომატურად აიყვანეს აღრიცხვაზე და ახლა ისინი რუსულ გაწვევას ექვემდებარებიან, რადგან “ორმაგი მოქალაქეობის საკითხთა დარეგულირების შესახებ” შეთანხმების ძალაში შესვლამდე რუსეთის სახელმწიფო მათ პირველ “მოქალაქეობას” არ ითვალისწინებს და რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს.
თავად რეგიონის მოსახლეობის პოზიცია მობილიზაციის საკითხში არაერთგვაროვანია. ადგილობრივთა ნაწილს მიაჩნია, რომ “სამხრეთ ოსეთს ჰმართებს, ამ რთულ დროს რუსეთს საპასუხო სიკეთე გაუკეთოს და მხარი დაუჭიროს”. თუმცა დიდ ნაწილს მობილიზაციაში მონაწილეობა არ სურს. ამაზე სოცქსელის ოსურ სეგმენტში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიც მეტყველებს:
- “სამშობლოს ინტერესებიც მესმის, მისი დაცვის აუცილებლობაც, სტრატეგიული პარტნიორობაც და ყველაფერიც, მაგრამ მეტისმეტად მცირერიცხოვანი ერი ვართ და ჩვენი ბიჭების იქ წაყვანა მართებულად არ მიმაჩნია. ჩვენები უკრაინაში რუსეთს ისედაც ეხმარებიან მოხალისეებად და ვთვლი, რომ ეს საკმარისია”;
- “სტატისტიკური მონაცემებით, ამ დროისთვის რესპუბლიკების მიხედვით 100 000 მოსახლეზე დაღუპულთა პროცენტული ოდენობით მესამე ადგილზე ვართ. ჩვენნაირი მცირე ერისთვის ეს ძალიან ბევრია. ამდენად, ვისურვებდი, ჩვენი ბიჭებისთვის თავი დაენებებინათ”;
- “ისედაც კონფლიქტის ზონა ვართ და მცირერიცხოვანი ერი, კიდევ ეს გვინდა?! უკრაინაში ისედაც ბევრი ჩვენიანი დაიღუპა და არ კმარა?! მობილიზაციაში ჩვენების მონაწილეობის წინააღმდეგი ვარ”.
- “ჩვენ – სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ყოველგვარი მობილიზაციის გარეშეც მხარს ვუჭერთ რუსეთს, უკრაინაში იბრძვიან ჩვენი მოხალისეები, გვყავს არაერთი დაღუპულიც… პროცენტულად, დონბასში ჩვენი მოხალისე მეტია, ვიდრე რუსეთიდან წასულები! მობილიზაციის საკითხში რაიმე სახის ძალდატანება, ვფიქრობ, მხოლოდ უკუეფექტს გამოიწვევს”.