28-09-2022 14:42:43 მსოფლიო
სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიდან გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთიდან 194 ათასი მამაკაცი გაიქცა, მათი უმრავლესობა (98 ათასი) - ყაზახეთში, - იუწყება რუსეთის შსს.
საქართველოში, მისი ინფორმაციით კვირის განმავლობაში 53 ათასი მოქალაქე შევიდა და ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარზე ამ დროისთვის 15 კილომეტრიანი საცობია. რუსეთის ხელისუფლებამ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორი ჩააყენა "იმ შემთხვევისთვის თუ საზღვრის გარღვევის მცდელობას ექნება ადგილი". საზღვრის სიახლოვეს რუსული მხარე სამხედრო კომისარიატის გახსნასაც გეგმავს. 27 სექტემბრიდან ადგილზე უკვე დაიწყო რუსეთის მოქალაქეთათვის სამობილიზაციო უწყისების გაცემაც.
ფინეთში, რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, უკვე 43 ათასი მოქალაქეა გაქცეული. ქვეყანამ გამოაცხადა, რომ შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას და 260 კილომეტრიანი ღობის აღრმართვას გეგმავს, რომელიც, ფინეთის სასაზღვრო სამსახურის ჩანაფიქრით, რუსეთში სამხედრომობილიზაციის გამო მასობრივი არეულობების დაწყების შემთხვევაში ფინეთის საზღვარს დაიცავს.
რუსეთის სამიათასი მოქალაქე მობილიზაციას მონღოლეთში გაექცა, - იუწყება რუსეთის შსს. მონღოლეთის ექს პრეზიდენტმა ცახიაგინ ელბეგდორჟმა რუსეთი "ბურიატების, ტუველებისა და ყალმუხების უკრაინაში საზარბაზნე ხორცად გამოყენებაში "დაადანაშაულა" და რუსეთის ეთნიკურ უმცირესობებს ომში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. "მონღოლეთი თქვენ სიამოვნებით მიგიღებთ" - დასძინა ელბეგდორჟმა.
ამგვარად, რუსეთიდან მოქალაქეთა ამჟამინდელმა გადინებამ უკრაინასთან ომის დაწყების - თებერვლის ბოლოს რეკორდი მოხსნა. რუსეთის ელექტრონული კომერციის ასოციაციის მონაცემებით, მაშინ ქვეყანა 50-70 ათასმა მოქალაქემ დატოვა, ხოლო მეორე ტალღისას, აპრილში - 70-100-მა ათასმა.
მობილიზაციისთვის თავის მასობრივი არიდების ფონზე ავიაბილეთები რუსეთში 10-15-ჯერ არის გაძვირებული.
კრემლში უკვე განიხილება შესაძლებლობა, გაწვევის ასაკაის მამაკაცთა ქვეყნიდან გასვლა აიკრძალოს.