
მინსკთან ახლოს განლაგებული სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო
28/09/2022 16:44:52 ევროპა
29 სექტემბრიდან ბელარუსში დაიწყო მინსკის მახლობლად დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება.
აღნიშნული სამხედრო დანაყოფი მინსკთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ მიჩულიშჩიში მდებარეობს.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება ერთ თვეს გასტანს, რომლის დროსაც დამუშავდება რამდენიმე საკითხი, "რომელთა შორის მთავარი იქნება სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამხედროების უნარ-ჩვევების აღდგენა, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის შენახვიდან ამოღება მისი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით".
აღნიშნული ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფონია ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა: ის 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკა კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკას ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკას ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.
2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.