ჯუანშერ ბურჭულაძე:"არ ვურჩევდი არც ერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება"
28/09/2022 20:11:28 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას.
"ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "პოსტვ"- ის ეთერში და დასძინა, "არ ვურჩევდი არც ერთი ქვეყნის ლიდერს, დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდეს, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების".
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში დაბრუნდა. ლუკაშენკო კი მოულოდნელად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ.
2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ დასავლეთი საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.


