ლუკაშენკო: აფხაზეთში პუტინთან განხილვის შემდეგ ჩავედი

28-09-2022 16:19:01 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის ე.წ სახელმწიფო აგარაკზე დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსის ავტორიტარულ მმართველ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა,- იუწყება ბჟანიას პრესსამსახური.

"ალექსანდრე ლუკაშენკო ჩვენი დიდი ხნის ნანატრი სტუმარია. 1996 წლის იანვარში, დსთ-ის სამიტზე სწორედ თქვენ გააკეთეთ განცხადება ომისშემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგ. მაშნ ბრძანეთ, რომ აფხაზეთის იზოლაცია არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. თქვენთან ძალიან კეთილი, ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებს. მოხარულები ვართ თქვენი ჩამოსვლის. მწამს, რომ ეს ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ორ ხალხს შორის ურთიერთობას. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ეს ურთიერთობები გახდეს ისეთივე, როგორც საუკეთესო საბჭოთა დროს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აფხაზეთში!" - მიმართა ლუკაშენკოს ბჟანიამ.

თავის მხრივ ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა განაცხადა:"ნოსტალგია მუდამ თან გვდევს. 25-27 წლის წინ ვიყავი ამ წმინდა მიწაზე - რაღათქმა უნდა, არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, პარლამენტის დეპუტატი. გუშინ განვიხილეთ აფხაზეთის პრობლემები ჩვენს უფროს ძმასთან ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინთან, ძალიან დიდხანს, ღამემდე ვისაუბრეთ ამ საკითხებზე და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას უნდა დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მხარემ, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ".

ამასთან, ლუკაშენკოს მტკიცებით, მისი ჩასვლა აფხაზეთში არ უკავშირდება რაიმე საგანგებო სიტუაციას. "ჩვენ ნორმალური სიტუაცია გვაქვს, არ ვიტანჯებით რაიმე გეოპოლიტიკით, ჩვენ უბრალოდ, თქვენს მსგავსად, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს, ვიცხოვროთ თანხმობაში. ხოლო ეკონომიკა - სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტად უნდა იქცეს. - სხვა მოცემულობა არ გვაქვს" - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

მან შესთავაზა ბჟანიას, "განიხილონ, როგორ იცხოვრონ ამიერიდან, როგორ განამტკიცონ ურთიერთობები". "მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, ვარ პოლიტიკაში, ვისაუბროთ, ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში. მთავარია, აქ ხალხმა ღირსეულად იცხოვროს, რადგან ეს არის დედამიწის სამოთხე, ხოლო ადამიანები აქ წმინდანები არიან. ამდენად, ჩვენ გვსურს, არა უბრალოდ მეგობრობის, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობების ხიდები გავდოთ" - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ და იქვე დასძინა, რომ ბელარუსი და რუსეთი თავის ქმედებებს ათანხმებენ.

"რუსეთი მზადაა, მხარი შემოგვაშველოს. ალბათ დადგა დრო, დღეს, როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორად იქცა მსოფლიო, ჩვენ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას არ მოგვცემენ. ამიტომაც მეგობრებთან უნდა განვიმტკიცოთ ურთიერთობა" - დასძინა მან.

თავის მხრივ ასლან ბჟანიამ გაიზიარა მოსაზრება, რომ მსოფლიოში ვითარება ძალზე რთულია.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდევით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ეს აფხაზეთის თითოეულ მოქალაქეს ადარდებს. ალბათ, იცით, რომ აფხაზი მოქალაქეები იბრძვიან დონბასში და სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილებიც" - აღნიშნა აფხაზმა ლიდერმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგშია ორმხირივი თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების, საერთაშორისო ვითარების ანალიზის, მიმდინარე გამოწვევებისა და საფრთხეების საკითხები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები