ოპოზიციის რეაქცია ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე: "საქართველო უნდა შეუერთდეს საერთაშორისო სანქციებს და გააუქმოს ყველა შეთანხმება ბელარუსთან"
29/09/2022 12:27:13 პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისი საერთაშორისო სანქციებს უნდა შეუერთდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაბიჯის გარდა, თბილისმა მინსკთან გაფორმებული ყველა შეთანხმება უნდა გააუქმოს და ბელარუსიდან ელჩი გამოიწვიოს.
"აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და იქ დიქტატორის ჩასვლა და ე.წ. მოლაპარაკებების გამართვა არის ყველა საერთაშორისო პრინციპის დარღვევა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს ასევე იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული დათბობის პოლიტიკა რუსეთთან საერთოდ არაფრის მომტანია, ვინაიდან ლუკაშენკო - ბელარუსი დიქტატორი, არის ადამიანი, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას. ახლა დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ხელისუფლების მიერ, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში იქნება. მიზანმიმართულად შეჩერებული არაღიარების პოლიტიკის ძალიან მწვავედ წარმოება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს, ასევე, ბელარუსიდან უნდა იქნას გამოწვეული სწრაფად ელჩი. უნდა გაუქმდეს ლუკაშენკოს სახელმწიფო ინსტიტუტთან დადებული ყველა ხელშეკრულება, რომელიც რეალურად არის დამაზიანებელი ქვეყნის ინტერესებისთვის და ეს ეხება პირველ რიგში „კგბ“- სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. უნდა შეწყდეს ავიაგადაზიდვები, პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა დეკანოიძემ.
"ლელოს" წევრი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "10 წელია, ხელისუფლება ატყუებს ხალხს, რომ თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან, რეალური შედეგს კი დღესაც ვხედავთ, ამავე დროს ჩიხში შეიყვანა ევროატლანტიკური მომავალი".
მან, ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც დეპუტატის თქმით, საქრთველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს:
"საფრთხე, რომ ბელარუსი აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ხელშესახებია და საჭიროა დიპლომატიური ნოტით ხელისუფლებამ ბელარუსს მოსთხოვოს, რომ დაადასტუროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თუ ეს ასე არ მოხდება, ბელარუსის ელჩი ასევე უნდა იქნას ქვეყნიდან კონსულტაციებზე გაწვეული. ამასთან, ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გაგზავნილი მოთხოვნები გაერო-ში, ეუთო-ში, ევროკავშირში, რომ დაბარებულ იქნას ბელარუსის ელჩები ამ ორგანიზაციებში და გაფრთხილებული, რომ მათი მხრიდან აღიარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევს სანქციების გამკაცრებას და გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება ბელარუსის ეკონომიკას. ვითარება აქამდე იმიტომ მივიდა, რომ 10 წელია გვყავს ხელისუფლება, რომელიც ატყუებს ხალხს, რომ თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან, რეალური შედეგს კი დღესაც ვხედავთ, ამავე დროს ჩიხში შეიყვანა ევროატლანტიკური მომავალი".
მისი თქმით, ზომები, რაც ხელისუფლებამ უკვე მიიღო "არაადეკვატურია".
"უკვე უნდა იყოს გამოწვეული მინსკიდან ელჩი კონსულტაციებისთვის და ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა", – დასძინა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, "ვლადიმერ პუტინი ბელარუსთან ერთად ემზადება იმისთვის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ასევე იმ მიწებით, რომელსაც ფიქრობს, რომ წაგლეჯს უკრაინას, შექმნას ახალი გაერთიანება და ლუკაშენკოს ვიზიტსაც ამ ჭრილში უნდა განვიხილავდეთ".
პარტია "მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტით "ძალიან კარგად დავინახეთ, რა შეიძლება, მოჰყვეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების შესუსტებას და რა დიდი საფრთხის მატარებელია ის ანტიდასავლური გზავნილები, რომელიც ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის".
როგორ იოსელიანმა აღნიშნა, ახლა მთავარია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭირდო კავშირი.
“დღეს მთლიანად პოლიტიკური სპექტრი მობილიზებული უნდა იყოს იმისკენ, რომ პროცესი, რისკენაც ნაბიჯი ბელორუსის პრეზიდენტმა გადადგა, ბოლომდე არ მივიდეს და აღიარებით არ დასრულდეს. ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "სრულიად ნათელია, რომ ახლო მომავალში შესაძლოა, საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უაღრესად საშიში და პროვოკაციული პროცესები განვითარდეს".
მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ლუკაშენკოსვე აღიარებით, ეს „ვიზიტი“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით და უკრაინაში ორგანიზებული უკანონო „რეფერენდუმების“ პარალელურად ხდება.
„ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არეულობისა და კონფლიქტის პროვოცირებით დაინტერესებული ერთადერთი მხარე რუსეთია, ხოლო ევროკავშირი და აშშ იყო და კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის დაცულობის, უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარების გარანტად. სწორედ ამიტომ არის მცდარი და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ხელისუფლების ბოლოდროინდელი რიტორიკა, რომლის მიზანიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ქვეყანაში ომის გაჩაღების და დესტაბილიზაციის სურვილის დაბრალებაა. ასევე ცხადია, რომ პრეზიდენტ პუტინის მაამებლური დაშოშმინების პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მის გეგმებს არანაირად არ ცვლის და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების გზა მხოლოდ ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის, როგორც ეს ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოხდა. ამ საფრთხეების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის ინტერესებისა და მისი უსაფრთხოების დასაცავად ერთიანობის ჩვენება შეძლოს. ამიტომ, მიუხედავად ფუნდამენტური უთანხმოებებისა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის - ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან დამოკიდებულების ნაწილში - მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ყველა იმ გადაწყვეტილებასა და ნაბიჯში, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური ორიენტაციის დაცვას რეალურად ემსახურება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ "პუტინის მარიონეტი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლა, პრორუსული „ოცნების“ მხრიდან რუსებთან ენის მოჩლექით საუბარმა და კუდის ქიცინმა გამოიწვია".
„ღიად და მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე პრორუსული „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგია. ფაქტია, რომ ლუკაშენკო საქართველოს ხელისუფლებას არაფრად აგდებს, ის ცდილობს, რომ აფხაზეთის საკითხით პუტინს თავი მოაწონოს და დაანახოს, რომ მის მხარეს იჭერს და ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირ მკვეთრ და მკაცრ პასუხს არ ელოდება. ლუკაშენკო პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველია, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. პუტინის მმართველობა დასასრულს უახლოვდება, მასთან ერთად აუცილებლად დასრულდება მისი მარიონეტი ლუკაშენკოსა და პუტინისტური „ქართული ოცნების“ მმართველობაც", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის: 28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.
/ფოტოს წყარო – ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი.
ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?


