პიტერ სტანო: "ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში"
29/09/2022 13:11:28 პოლიტიკა
ევროკავშირი მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.
მან მომხდარი "საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად" შეაფასა.
"ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშ", - აცხადებს პიტერ სტანო.
ცნობისთვის: 28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.
ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?


