იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსი გამოცხადდა

29-09-2022 18:17:04 სამართალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრეს–სამსახური ავრცელებს.

განაცხადების შეტანა ხვალ, 30 სექტემბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს დასრულდება.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. ამასთანავე, სავალდებულოა 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. კანდიდატის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერა (90 ხმა).

კანდიდატები შეირჩევიან:

  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან;
  • საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან.

კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
  • საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, თუ ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ მიმართულებით.

ერთი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არაუმეტეს 3 კანდიდატისა. კანდიდატის წარდგინების წერილი იწერება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.

2017 წლის 21 ივნისს პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ არამოსამართლე წევრს: ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ნაზი ჯანეზაშვილს და ზაზა ხარებავას უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში ამოეწურათ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები