სააკაშვილი – ლუკაშენკოს: "იფიქრე იმაზე, რომ შენს შვილს სჭირდება ჯანმრთელი და თავისუფალი მამა"
29/09/2022 14:59:30 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის ცნობა და ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა, ლუკაშენკასთვის დასასრული იქნება.
„ჩემი მიმართვა ლუკაშენკოს, ახლა ჯერ კიდევ გაქვს შანსი გამოძვრე ამ სიტუაციიდან. თუკი შენ ცნობ აფხაზეთს და განსაკუთრებით, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა იქნება - შენ, როგორც ჭკვიანი კაცი, უნდა მიხვდე, რომ ეს დასასრულია! მე ნიკოლაშკას ფოტოები ვნახე, ის სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას სჭირდება ჯანმრთელი და თავისუფალი მამა", - მიმართავს სააკაშვილი ლუკაშენკოს.
ცნობისთვის: 28 სეტქემბერს ლუკაშენკოს არაოფიციალური ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.
ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?


