ამერიკელი ანალიტიკოსი: საქართველოს მთავრობამ პუტინის დახმარება უნდა შეწყვიტოს

09-10-2022 19:00:20 კონფლიქტები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსის დანიელ ფრიდის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ პუტინის დახმარება უნდა შეწყვიტოს.

ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აშშ–ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტის ავტორია, "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"საქართველო ვერ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას უკრაინის ან საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს მთავრობას შეუძლია, შეწყვიტოს პუტინის დახმარება.

საქართველოს ხელისუფლებამ აღარ უნდა გამოიყენოს პუტინისტური ავტორიტარული მეთოდები ან პუტინისტური​ ნაციონალიზმისა და შეუწყნარებლობის პოლიტიკა. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის დემოკრატიაზე, ის დარჩება მეგობრების გარეშე ევროპასა თუ აშშ-ში, რათა დაეხმარონ მას, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი პუტინის შემდეგი ნაბიჯებისგან, რომელიც დარწმუნებულნი ვართ, რომ გადაიდგმება" - განუცხადა "აქცენტს" ანალიტიკოსმა.

ფრიდი "აქცენტთან" საუბრისას აფასებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

"როგორც ჩანს, რაღაცას აძლევს თავის ბატონს კრემლში, რადგან იგი არ აგზავნის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ბელარუსის ჯარებს რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. შესაძლოა, პუტინს სურს, მოიპოვოს ლუკაშენკოს მხარდაჭერა და აღიარება რუსეთის მიერ უკრაინის მიწების უკანონო ანექსიისა და სამხრეთ ოსეთის და შესაძლოა, აფხაზეთისაც, თუ პუტინი გადაწყვეტს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის მიტაცებას. ალბათ, მალე გავიგებთ რეალობას" - განუცხადა "აქცენტს" ფრიდმა.

ცნობისთვის: 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.

28 სეტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.

ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები