ღარიბაშვილი ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლას გმობს

28-09-2022 21:19:34 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “მკაცრად გმობს” ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

“მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - წერს ღარიბაშვილი Twitter–ზე.

ცნობისთვის: ლუკაშენკო 26 სექტემბერს მოულოდნელად ჩაფრინდა რუსეთში და სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. იმავე დღეს ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში და განმარტებისთვის დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი. მოგვიანებით, ლუკაშენკოს ვიზიტს მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

2022 წლის 7 თებერვალს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას და რომ ეს შეიძლება, მოხდეს მაშინ, "როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ".

2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ 2009 წელს მინსკი განიხილავდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხს, თუმცა საბოლოოდ მსგავსი ნაბიჯი არ გადადგა. ბელარუსის ლიდერის თქმით, დასავლეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემთხვევაში, მინსკს სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები