"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბატონი ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში"
30/09/2022 10:00:47 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მტკიცედ უჭერს მხარს.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, აშშ მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.
"მინდა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია გადმოგცეთ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბატონი ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომლის პოლიტიკურმა ლიდერებმა სხვადასხვა სპექტრიდან გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29 წლისთავის მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს არის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელს რეგიონში მშვიდობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის: 28 სექტემბერს ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს პირველმა პირებმა ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს.
28 სეტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.
ამავე თემაზე: ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში: რატომ ახლა?


