
რეზნიკოვმა პენტაგონის ხელმძღვანელთან საუბრის შემდეგ "კარგი ამბები“ დააანონსა
30/09/2022 15:32:04 ევროპა
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ "კარგი ამბები" დააანონსა.
„ჩვენ განვიხილეთ უახლესი ამბები ფრონტის ხაზიდან, „რამშტაინ 6“ და ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერების გზები. სასიხარულო ამბები მალე გახდება ცნობილი. ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ არ ცნობს ე.წ რეფერენდუმს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე.
აშშ-ს ხელმძღვანელობით უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი (ე.წ. რამშტაინის ფორმატი, რომელსაც ანტიპუტინულ კოალიციასაც უწოდებენ) მომდევნო შეხვედრას ბრიუსელში 12 ოქტომბერს გამართავს (13 ოქტომბერს დაგეგმილი ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ). ბოლო შეხდვედრა 8 სექტემბერს გერმანიაში გაიმართა. შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ უკრაინელი სამხედროების სასწავლო პროგრამების კიდევ უფრო გააქტიურებაზე.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
30 სექტემბერსვე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი დღეს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს:
„დე-ფაქტოდ ჩვენ უკვე გავიარეთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ და დავამტკიცედ მის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი [სტანდარტები – რედ.] რეალურია უკრაინისთვის – როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე- ფაქტო. დღეს კი უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა გააკეთოს ეს დე-იურე, იმ პროცედურით, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენს მნიშვნელობასთან მთელი ჩვენი თანამეგობრობის დაცვაში. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ რა ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს”.