Accentnews.ge
შსს: ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულია 4 პირი

შსს: ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულია 4 პირი

02/10/2022 08:19:58 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, უცხო ქვეყნების ინტერნეტმომხმარებლების მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს, 8 პირს კი ბრალი წარუდგინეს.

ბრალდებულთა შორის არის რუსეთის ფედერაციის, ისრაელისა და ბელგიის მოქალაქეები.

დანაშაული 7-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ი.ვ.-მ საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია, რომლის თანამშრომლები უცხო ქვეყნის, ძირითადად საფრანგეთის მოქალაქეებს, ინტერნეტბრაუზერში უგზავნიდნენ შეტყობინებას - "pop up"-ს, სადაც კატეგორიული ფორმით, ფრანგულ ენაზე ეწერა, რომ მათი კომპიუტერი დავირუსებული იყო და ხარვეზების გამოსწორებისათვის უნდა დაერეკათ მითითებულ ნომერზე.

შეტყობინებას არ ჰქონდა გათიშვის ფუნქცია და მომხმარებლები კომპიუტერით ვეღარ სარგებლობდნენ. მომხმარებლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ კომპიუტერებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემა, რეკავდნენ შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, რომლითაც სარგებლობდა ზემოხსენებული კომპანია.

მათ პირველ ეტაპზე ესაუბრებოდნენ კომპანიის ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ეცნობოდნენ ფრანგული სახელებით, კიდევ უფრო მეტად არწმუნებდნენ პრობლემის სერიოზულობაში და მის მოგვარებას ჰპირდებოდნენ.

მომხმარებლები, რომლებიც იჯერებდნენ, იხდიდნენ გარკვეულ საზღაურს სხვადასხვა ონლაინ გადახდის სისტემების გამოყენებით, რომლებთანაც ი.ვ.-ს ჰქონდა დამყარებული კავშირი, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული კომპანიის ე.წ. IT-თანამშრომლები დისტანციური წვდომის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შედიოდნენ დაზარალებულის კომპიუტერულ მოწყობილობებში და ახდენდნენ „pop up”-ის გათიშვას, ასევე გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებას, რათა დაზარალებულს შექმნოდა ილუზია, რომ მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი სერვისი მიიღო კომპანიისგან.

დაზარალებულებმა, საერთო ჯამში, 767 000 ევროზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი მიიღეს.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე, 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S