Accentnews.ge
NATO-ს წევრი 9 ქვეყნა მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას

NATO-ს წევრი 9 ქვეყნა მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას

03/10/2022 08:48:24 ევროპა

NATO-ს წევრი 9 ქვეყნა მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, მომავალში უკრაინის NATO-ში შესვლაზე.

„ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები, ვინც ომის დროს კიევში ჩავიდნენ და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის გავლენა, ვერ დავრჩებით ჩუმად რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების ფონზე, შესაბამისად ვავრცელებთ შემდეგ განცხადებას:

ხელახლა ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ არც ახლა და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის ნებისმიერი ტერიტორიის ანექსიის მცდელობას.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რაც უკრაინის მომავალ წევრობას ეხება.

მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გამოვიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

ყველა ვინც აგრესიის დანაშაულს სჩადის პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს“,– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • მილოშ ზემანი - ჩეხეთის პრეზიდენტი,
  • ალარ კარისი - ესტონეთის პრეზიდენტი,
  • ეგილს ლევიტსი - ლატვიის პრეზიდენტი,
  • გიტანას ნაუსედა - ლიეტუვის პრეზიდენტი,
  • სტევო პენდაროვსკი - ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი,
  • მილო ჯუკანოვიჩი - მონტენეგროს პრეზიდენტი,
  • ანდჟეი დუდა - პოლონეთის პრეზიდენტი,
  • კლაუს იოჰანისი - რუმინეთის პრეზიდენტი,
  • ზუზანა ჩაპუტოვა - სლოვაკეთის პრეზიდენტი.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“ დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“ ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

30 სექტემბერსვე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი დღეს ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს:

„დე-ფაქტოდ ჩვენ უკვე გავიარეთ გზა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ და დავამტკიცედ მის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი [სტანდარტები – რედ.] რეალურია უკრაინისთვის – როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. დე- ფაქტო. დღეს კი უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა გააკეთოს ეს დე-იურე, იმ პროცედურით, რომელიც შესაბამისი იქნება ჩვენს მნიშვნელობასთან მთელი ჩვენი თანამეგობრობის დაცვაში. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ რა ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S