Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილის რეაქცია – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: "ქართული ოცნება" რეპრესიულ კანონს იღებს"

ოპოზიციის ნაწილის რეაქცია – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: "ქართული ოცნება" რეპრესიულ კანონს იღებს"

03/10/2022 10:09:43 პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი ეხმიანება "ქართული ოცნების" განცხადებას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის თობაზე, რომელიც "უკრაინული მოდელის ანალოგია".

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნება" რეპრესიულ კანონს იღებს, რომელსაც გამოიყენებს ოპოზიციური ლიდერების და მისი დამფინანსებლების რეპრესიისთვის":

"ეს არის რეპრესიული კანონი, როცა უკრაინულ მოდელს ამოფარებით იღებენ კანონს და პარლამენტი განსაზღვრავს, ვინ იქნება ოლიგარქი, წარმოგიდგენიათ?! - "ქართული ოცნების" უმრავლესობა განსაზღვრავს ვინ იქნება ოლიგარქი. ისე გააძევეს პარლამენტიდან ბადრი ჯაფარიძე, არც უკითხავთ, რაში ედებოდა ბრალი, ზუსტად ასე მოხდება ადამიანის ოლიგარქად გამოცხადება. ჩვენ რაზეც ვმუშაობდით, არის ის, რომ ადამიანი რომ ოლიგარქად გამოცხადდეს, მინიმუმ 2 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - დიდი ოდენობის თანხის ფლობა და მასთან დაკავშირებული პირების მაღალ თანამდებობებზე ყოფნის ფაქტი, ანუ მის კომპანიებში მომუშავე პირების მაღალ თანამდებობებზე ყოფნა. ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, სხვას ოპოზიციიდან რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს, არც ერთს მაღალ თანამდებობაზე ერთი ადამიანიც არ ჰყავს".

ჟურნალისტის კითხვაზე, უმრავლესობის კანონის ალტერნატივად რამდენად შეიძლება დაარეგისტრიროს ოპოზიციამ საკუთარი კანონპროექტი დეოლიგარქიზაციაზე, მანჯგალაძე ამბობს, რომ სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ნებისმიერი კანონი შესაძლოა ხელისუფლებამ რეპრესიებისთვის გამოიყენოს.

"მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ "უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას":

"ჩვენ თუ მართლმსაჯულების სისტემა გვექნება ნორმალური, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება ის, რომ ვინმე ჩრდილიდან მართავდეს პოლიტიკას. ეს კი იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმეს აუკრძალავენ პარტიების და მედიის დაფინანსებას",- განაცხადა ელისაშვილმა.

„გირჩის“ წევრი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალიან დამაზიანებელი იქნება".

"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ღიად ვთქვათ, რა პრობლემა გვჭირს, ეს კონკრეტული კანონი ადამიანის უფლებების შემზღუდველია, არათუ არ დაგვეხმარება, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ პირიქით - ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელიც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. თუ მართლა გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტით და მასში წარმოდგენილი კრიტერიუმებით დეოლიგარქიზაციის პროცესის ხელშეწყობაც კი ვერ მოხდება:

"აღნიშნული კანონი მორგებულია უკრაინის სპეციფიკასთან, ხოლო უკრაინის სპეციფიკა რადიკალურად განსხვავებულია. ამიტომ კანონის კოპირება დეოლიგარქიზაციის ნაწილში ხელშეწყობის ფუნქციასაც ვერ შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, მორგებული იყოს ქართულ სპეციფიკასთან და მასში ის კრიტერიუმები აისახოს, რაც დეოლიგარქიზაციას რეალურად შეუწყობს ხელს. მაგალითად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნაწილში განმსაზღვრელი უნდა იყოს პირთან პირდაპირ დაკავშირებული პირების სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა იყოს რუსული კომპონენტი".

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "მმართველი გუნდი უკრაინული კანონის მიღებით ცდილობს, პასუხისმგებლობა აარიდოს ივანიშვილს და გამოიყენოს კანონი, როგორც რეპრესიის საშუალება ოპონენტების წინააღმდეგ".

„უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის საწყისი იყო ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის ჩარევის აკრძალვა საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ახლა რაზეც მმართველი გუნდი მუშაობს, ეს არის ის, რომ მათ სურთ აარიდონ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, არ განიხილავენ მას როგორც ოლიგარქს, განსხვავებით მთელი საერთაშორისო საზოგადოებისგან და გადაწყვიტეს საუკეთესო ვერსია აარჩიონ იმისთვის, რომ მათ შორის, ოპოზიციის მიმართ დაიწყოს ახალი რეპრესიები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენი ფრაქცია მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ბევრი პოლიტიკური საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან უნდა შეთანხმდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღეს სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც "უკრაინული მოდელის ანალოგია".

ბრიფინგზე ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონშია, მათ შორის:

  • "საუბარია მედიაგავლენაზე;
  • პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე;
  • მონოპოლისტურ საქმიანობაზე;
  • საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".

ოხანაშვილის თქმით, ამ ოთხი კრიტერიუმიდან 3 იქნება საკმარისი, რათა პირი მიიჩნიონ ოლიგარქად.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად დეპუტატმა განაცხადა, რომ "კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება":

"ის 3 კრიტერიუმი, რომელიც შემოთავაზებულია, ვერაფრით უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში. შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ სამივე კომპონენტს ასრულებენ [დავით] კეზერაშვილი და ის სხვა ოლიგარქები, რომლებიც აღიარებითი ჩვენებებით, სხვა ფაქტებითა და ოპოზიციის განცხადებებითვე მიჩნეული შეიძლება იქნენ ოლიგარქებად".

როგორც მან აღნიშნა, უკრაინული მოდელისგან განსხვავებით, რომელშიც პირის ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, ქართულ პროექტში ოფიციალურ უწყებად შეთავაზებულია პარლამენტი.

"პარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი საკომიტეტო და პლენარულ მოსმენებზე, უნდა მოიძიონ შესაბამის პირებზე ინფორმაცია", -აცხადებს ოხანაშვილი.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი სამუშაო ჯგუფის გარდა, ასევე წარედგინება კომიტეტს, სადაც პროექტის ინიცირებაზე იმსჯელებენ.

საქართველომ 23 ივნისს მიიღო ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ევროკომისიის პირობებს შორისაა სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S