Accentnews.ge
სტრატეგიული ინიციატივა უკრაინის მხარესაა – კაპანაძე

სტრატეგიული ინიციატივა უკრაინის მხარესაა – კაპანაძე

04/10/2022 08:53:09 კომენტარი

სტრატეგიული ინიციატივა უკრაინის მხარესაა: ისინი არჩევენ დარტყმის ადგილს და დარტყმის მეთოდს. რუსები სრულად თავდაცვაში არიან იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები,– ამგვარად აფასებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსი, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე.

„ლიმანი უკრაინელების ერთ–ერთი წარმატებული ოპერაციაა, რომელიც ძალიან ჭკვიანურად განახორციელეს: ჩრდილო–აღმოსავლეთიდან და სამხრეთ–დასავლეთიდან მოაქციეს ალყაში. დარჩა ვიწრო დერეფანი, რომელიც რუსებმა უკან დახევისთვის გამოიყენეს და იქედან გაიყვანეს ძალები. ლიმანი გზას უხსნის უკრაინელებს ლუგანსკისკენ, რაც შეეხება ლისიჩანსკის და სევეროდონეცს. თუ ლისიჩანსკი უკრაინელებმა აიღეს, სევეროდონეციც ფაქტობრივად აღებული იქნება, რადგან ლისიჩანსკი სიმაღლეზეა და ემიჯნება სევეროდონეცს. ლიმანის აღებით უკრაინელებმა დააცილეს მათი მთავარი თავდაცვის რაიონს – სლავიანსკის, კრამატორსკის რუსეთისგან მომავალი საფრთხე. იზიუმი ძალიან მოწყვლადი იყო – ნახევარკუნძულივით და რუსებმა ეს მიმართულება ვერ განავითარეს, ეს კი უკრაინელებმა ძალიან კარგად გამოიყენეს“.

მისი აზრით, რუსები სვატოვის მიმართულებით, სადაც ამჟამად ბრძოლები მიმდინარეობს, მდინარე სვატოვო კრიმინას გაყოლებაზე გამაგრებას შეეცდებიან:

„მაგრამ მათ თავს კიდევ ერთი უბედურებაა: რაიონები, სადაც ისინი დღეს აპირებენ გამაგრებას, თავის დროზე ბრძოლით აქვთ აღებული და ფაქტობრივად, განადგურებულია. შესაბამისად, იქ თავდაცვის ზღუდის მოწყობა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ვერ ვიტყვი, სად ეცდებიან რუსები უკრაინელების გაჩერებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ერთი კვირის განმავლობაში მაინც ეცდებიან, გააგრძელონ შეტევები ამ მიმართულებაზე. 2–3 კვირა დარჩა ამინდების ცვლილებამდე და შემტევი მხარისთვის რელიეფი უფრო რთული იქნება, რაც გარკვეულწილად შეაფერხებს შეტევის ტემპებს – ზამთარი დაცვის ორგანიზებას უფრო უჭერს მხარს, ვიდრე შეტევისას“.

რაც შეეხება ხერსონს, რომელიც კაპანაძის აზრით, როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარისთვის სტრატეგიულად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ლუგანსკი ან დონბასი მთლიანად, ყურადღების გადამტანი დარტყმები ხორციელდება:

„უკრაინელებმა ზოლოტა ბალკა ძალიან საინტერესოდ და ადვილად აიღეს – კომბინირებული მოქმედებით მდინარიდან და ხმელეთიდან საბრძოლო მოიერიშე რაზმებით, თუმცა შემდეგ რუსებმა შეძლეს, შეემცირებინათ ანდრეევსკის პლაცდარმი, რომელიც უკრაინელებს აქვთ. ეს ის პლაცდარმია, რომელიც უკრაინელებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე – რუსების თავდაცვის სიღრმეში შექმნეს. ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადამტანი დარტყმები და ძირითადად მაინც ლუგანსკის მიმართულებაა წარმატებული. ამ დროისთვის უკრაინას ორივე მიმართულებით თანაბრად მასშტაბური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს. დაველოდოთ „ლენდლიზს“, რომელიც 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა“.

მისი ხედვით, ამჟამად ვლადიმირ პუტინის არსენალში რჩება ორი „იარაღი“:

„ერთია ბელარუსი: იქ ძალიან აქტიურად არის დაწყებული სარკინიგზო ქსელი მოდერნიზება, რომელსაც რუსული კომპანიები ახორციელებენ. მოდერნიზებული ქსელი მზად იქნება, ეშელონები მიიღოს თუნდაც რუსეთიდან. მზადდება საველე ბანაკები. ჯერ 20 000 სამხედრო მოსამსახურეზე იყო საუბარი, ახლა საუბარია 120 000–ზე. ეს იქნება შესაძლებლობა რუსებისთვის, განიხილონ ლვოვისკენ, უკრაინის მომარაგების გზებისკენ თავდასხმა, რათა შეცვალონ დარტყმის ვექტორი და მინიმუმ, უკრაინის მნიშვნელოვანი ძალები მიაჯაჭვონ აქეთ, რომ წნეხი მოიხსნან სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე. ლუკაშენკო ეშმაკურად ლავირებს, მაგრამ თუ პუტინი ძალიან მოითხოვს, ალბათ, დაიყოლიებს. ასევე ძალაშია ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. ომის დასაწყისში ვამბობდი, რომ ამის შანსი 5% იყო, მაგრამ ახლა ეს შესაძლებლობა 15–25%–ს შორის მერყეობს. ეს ნიშნავს, პუტინის დაუყოვნებლივ დასასრულს, მაგრამ ომში განცდილი მარცხიც იმავეს ნიშნავს და აქ მას დიდი არჩევანი არ აქვს. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა ეროვნულ გვარდიაში გაწვევის შემთხვევებიც. საყურადღებოა, რომ შინაგანი ჯარისგან განსხვავებით, ეროვნული გვარდია პუტინის პირადი მცველის – ზოლოტოვის მეთაურობით, უშუალოდ პუტინს ექვემდებარება. ეს მიანიშნებს, რომ პუტინი გრძნობს, რომ სჭირდება ძალა, რომ შესაძლოა, შიდა დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი იგივე სამხედროების მხრიდან, რომლებიც ძალიან უკმაყოფილონი არიან არსებული ვითარებით და იმითაც, რომ წარუმატებლობის გადაბრალებას მთლიანად სამხედროებზე ცდილობენ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S