
„ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ“: ლუკაშენკომ აღიარა ბელარუსის მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში
04/10/2022 11:45:41 ევროპა
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე აღიარა, რომ ბელარუსი მონაწილეობს რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" (როგორც მოსკოვი უწოდებს ომს უკრაინის წინააღმდეგ),– იტყობინება ადგილობრივი სახელმწიფო მედიარესურსი БелТА.
„რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ჩვენ იქ ვმონაწილეობთ. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის ვკლავთ. ჩვენ სამხედროებს არსად არ ვაგზავნით. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს“, - განაცხადა მან.
ლუკაშენკოს თქმით, მონაწილეობა იმაში მდგომარეობს, რომ არ დაუშვას "ბელარუსის ტერიტორიაზე ამ კონფლიქტის გავრცელება" და "ბელარუსის წინააღმდეგ დარტყმა პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციის საფარქვეშ".
„როგორც ვთქვი, ბელარუსის ტერიტორიიდან არავინ ესვრის რუსებს ზურგში. აი აქ არის ჩვენი მონაწილეობა“, - ციტირებს მას სააგენტო.
ბელარუსი პირდაპირ არ არის ჩართული უკრაინის ომში, მაგრამ ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც რუსული ჯარების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდა.
ლუკაშენკომ რუს ჯარებს ბელარუსის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა, საიდანაც რუსული ძალები ახორციელებენ გაფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად და ასევე რაკეტების გაშვებას. ბელარუსის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში თანამონაწილეობის გამო.