
ერთი ოჯახის ტრაგედია კადიროვის რეჟიმის პირობებში გროზნოში გამართული აქციის შემდეგ
04/10/2022 14:00:51 კავკასია
ჩეჩნეთში გულის შეტევით გარდაიცვალა მობილიზაციის წინააღმდეგ 21 სექტემბერს გროზნოში გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის ქმარი – ადამ მურადოვი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის „მემორიალის“ ინფორმაციით, მურადოვი აიძულეს, ეცემა ცოლი, ხოლო მათი 18 წლის ვაჟი იძულებით გაგზავნეს უკრაინაში საომრად.
„მემორიალის“ ცნობით, 21 სექტემბერს პოლიციამ ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავა და გროზნოს მერიაში გადაიყვანა. მოგვიანებით იქ დაკავებულთა ოჯახების მამაკაცი წევრები მიიყვანეს. ისინი აიძულეს, აქციის მონაწილეები ეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ, პოლიცია „სხვაგვარად გააკეთებდა ამას“. ეს ინფორმაცია ჩეჩენმა ოპოზიციონერმა იბრაგიმ იანგულბაევმაც დაადასტურა.
„დაზარალებულებმა თავად გვითხრეს, რომ მამაკაცებს აიძულებდნენ, ცოლები ეცემათ. აქციის შემდეგ 120-130 ქალი გაიტაცეს. ზუსტად ვერ ვიტყვით, მათი რამდენი ნათესავი გაიტაცეს, მაგრამ ვრადაუდობთ, რომ არანაკლებ 120–ისა, რადგან ბევრად მეტი სწორედ ნათესავები გაიტაცეს“, - განუცხადა იანგულბაევმა "Верстка"–ს.
25 სექტემბერს აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის ვალიდ მურადოვის 18 წლის ვაჟმა ახლობლებს დაურეკა და უთხრა, რომ უკრაინაში მიმავალ თვითმფრინავში იმყოფებოდა. ორი დღის შემდეგ ვალიდ მურადოვმა თქვა, რომ მას მალე „ფრონტის ხაზზე გააგზავნიან“. მეორე დღეს მისი მამა ადამ მურადოვი გულის შეტევით ლოცვის დროს გარდაიცვალა. უფლებადამცველების თქმით, ვალიდს მამის დაკრძალვაზე მისვლის უფლება მიეცა.
„ჩვენი წყაროები იუწყებიან, რომ მურადოვების ოჯახზე ამ დროისთვის უშიშროების ძალების მხრიდან ძლიერი ზეწოლა ხორციელდება. ისინი ითხოვენ, რომ მურადოვებმა ვიდეოჩანაწერით გააქარწყლონ ყველა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო ქმედებების შესახებ - ვალიდის იძულებით გაგზავნისა და ქალის ცემის ჩათვლით, რადგან ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩეჩნებში“, - ამბობს „მემორიალი“.
ადამ მურადოვი იყო დაუდ მურადოვის ბიძა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში საფრანგეთიდან (სადაც მან თავშესაფარი მოითხოვა) რუსეთში იქნა დეპორტირებული. რუსეთში დაუდი აწამეს და ბრალი ტერორისტულ საქმიანობაში დასდეს. 2021 წლის 5 თებერვალს ის გროზნოში, იზოლატორში გარდაიცვალა. ცხედარი ნათესავებისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.