
ზელენსკიმ პუტინის განკარგულებები ბათილად ცნო
04/10/2022 16:08:21 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ანექსიის შესახებ ბათილად გამოცხადდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ტერიტორია არის განუყოფელი და ხელშეუხებელი მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიხედვით, უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია და ადასტურებს უკრაინის სუვერენულ უფლებას, აღადგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვარზე, რაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ეროვნული უსაფრთხოების, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უკრაინის კონსტიტუციითა და კანონებითაა უზრუნველყოფილი.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის ზოგადი საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს და უკრაინის არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე 2003 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებას, რომელიც არ შეიძლება დაირღვეს გარემოებების ფუნდამენტური ცვლილების შედეგადაც კი, ხელშეკრულებების სამართლის 1969 წლის ვენის კონვენციის 62-ე მუხლის შესაბამისად.
იხილეთ ასევე: რუსეთმა ხერსონთან უკან დახევა ირიბად დაადასტურა