
„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების ნებისმიერ დროს შეწყვეტით ემუქრება
04/10/2022 18:10:23 ევროპა
4 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვა გააფრთხილა გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე დავალიანების გადაუხდელობის გამო.
„ამავდროულად, მოლდოვური მხარის გამო, ამ დრომდე არ დადებულა შეთანხმება ისტორიული ვალის დაფარვის თაობაზე წინა წლებში მიწოდებული გაზისთვის. ამ მიზეზით, „გაზპრომს“ უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მოქმედი კონტრაქტი“, - აცხადებენ „გაზპრომში“.
„გაზპრომი“ დასძენს, რომ იტოვებს უფლებას, სრულად შეწყვიტოს მიწოდება 20 ოქტომბრამდე გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
მოლდოვაში გაზის მიწოდებისა და რუსული გაზის საფასურის გადახდის პრობლემები გასულ წელს დაიწყო.
ზოგიერთი დამკვირვებელი ამტკიცებს, რომ რუსეთი ენერგიას იყენებს ღარიბი ქვეყნის წინააღმდეგ პროდასავლური პრეზიდენტის მაია სანდუს არჩევის გამო, რომელმაც სეცვალა რუსეთის მხარდაჭერილი პრეზიდენტის იგორ დოდონი.
მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მეზობელ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანამ, რომელმაც ცალსახად დაგმო რუსული აგრესია, უკრაინელი ლტოლვილების
მნიშვნელოვანი ნაკადი მიიღო. გაიზარდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები შესაძლოა, შეეცადონ მისი ტერიტორიის ოკუპაციას.
მოლდოვის პროევროპულმა მთავრობამ უკრაინის კვალდაკვალ წარადგინა ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადი და კანდიდატის სტატუსი მიიღო.