
სომეხი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეო და საერთაშორისო რეაქცია
04/10/2022 20:25:46 კავკასია
სომეხი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოძიების დაწყებას მოითხოვა. განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონსა და მოსკოვში.
მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქო სამხედრო ტყვეების წამებაში, სიკვდილით დასჯასა და დაღუპულთა ცხედრების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. საერთაშორისო სამართალი ამგვარ ქმედებებს ომის დანაშაულებად მიიჩნევს.
„აშშ ღრმად შეშფოთებულია ბოლოდროინდელი ინფორმაციით, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სიკვდილით დასაჯეს უიარაღო სომეხი ტყვეები“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
„მოვუწოდებთ სრული და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ. სისასტიკეზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, - დაწერა თეთრი სახლის პრესმდივანმა „ტვიტერზე“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „სასწრაფოდ უნდა გამოიკვლიოს ვიდეო, რომელზეც ჩანს აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯა“:
„შესაბამის ორგანოებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ. ამ ვიდეოს საქმე, სადაც ჩანს, თუ როგორ სჯიან აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხ ჯარისკაცებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, თუ ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, მაშინ „ეს არის ომის დანაშაული და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა“.
„ასეთი დანაშაული უნდა დაისაჯოს“, - დასძინა მან.
სომხეთში ბრიტანეთის საელჩოში აცხადებენ, რომ შოკირებულები არიან ვიდეომასალის გამო.
„მივესალმებით აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებას, რომ მზადაა, ჩაატაროს ვიდეოზე ყოვლისმომცველი გამოძიება. ველოდებით გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. ველით, რომ არასათანადო მოპყრობის, ძალადობისა და თვითნებური მკვლელობის შესახებ ყველა ბრალდება სრულად იქნება გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მოუწოდებს ერევანს და ბაქოს, გამოიძიონ ვიდეოები საფუძვლიანად.
ზახაროვას თქმით, თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს:
„ეს ვიდეოები სავსეა უკიდურესი სისასტიკის ამსახველი კადრებით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ჩაატარონ ამ ვიდეოების ყოვლისმომცველი, სიღრმისეული ანალიზი, მათ შორის ომის დანაშაულის ნიშნების. თუ ფაქტები დადასტურდა, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის სრული სიმკაცრით“.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა ვიდეომ დაჩრდილა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მიერ ჟენევაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები.
***
2 ოქტომბერს სომხეთის ომბუდსმენმა კრისტინა გრიგორიანმა განაცხადა, რომ ექსპერტებმა დაადასტურეს სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის დროს ტყვედ ჩავარდნილი 7-8 სომეხი ჯარისკაცის სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნამდვილობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის ადგილი და დრო დადგენილია და რომ მკვლელობა მოხდა 13 სექტემბერს.
მანამდე სოციალურ ქსელში 36 წლის სომეხი ჯარისკაცის ცხედრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. იუწყებოდნენ, რომ იგი ტყვედ ჩავარდა, გააუპატიურეს, რის შემდეგაც თვალები ამოთხარეს, თითები მოაჭრეს, მკერდზე აზერბაიჯანის არმიის სპეცდანიშნულების რაზმის სახელი „იაშმა“ დააწერეს. სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ედუარდ ასრიანმა განაცხადა, რომ დანაშაული აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 16 სექტემბერს ჩაიდინეს.
ბაქომ საპასუხოდ დაადანაშაულა ერევანი ომის დანაშაულების ჩადენაში და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ ქვეყნის სამხედრო პროკურატურა ამოწმებს ქსელში გავრცელებული ვიდეოების ავთენტურობას. სამხედრო პროკურატურაში აცხადებენ, რომ შემოწმების შედეგების მიხედვით, „შესაბამისი ზომები იქნება მიღებული კანონის ფარგლებში“. უწყება ვიდეოზე ასახურ მოკლულ ტყვეებს „პროვოკატორებს“ უწოდებს.