„24 თებერვლის განმეორებას აღარავინ დაუშვებს – ომი ბელარუსისვე ტერიტორიაზე დაიწყება“: ლუკაშენკოს აფრთხილებენ

05-10-2022 11:16:11 კომენტარი

უკრაინელები ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსის მხრიდან რუსული სამხედრო ძალის განმეორებით შეჭრას ზამთრისთვის პროგნოზირებენ, თუმცა ამჯერად ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს აფრთხილებენ, რომ 24 თებერვლის განმეორებას აღარავინ დაუშვებს, შეცვლილია რა ვითარება და საბრძოლო მოქმედებები ბელარუსისვე ტერიტორიაზე დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ისაუბრა.

„ბელარუსში რუსული სამშენებლო კომპანიები შევიდნენ და ბელარუსის სარკინიგზო ქსელის რეკონსტრუქციით დაკავდნენ. კონტრაქტები ნოემბერში სრულდება. ანუ რეკონსტრუქციაზე გათვლილია ორთვიანი ვადა. ვიცით, რომ ამჟამად ბელარუსში გადაჰყავთ 20 000 მობილიზებული. ვფიქრობ, ეს უფრო სამუშაო ჯგუფი იქნება, რომელთაც რკინიგზის და საყაზარმე ფონდის რეკონსტრუქციაზე დააკავებენ. ეს არის მიტოვებული ფერმები და შენობები, რომლებიც ლუკაშენკომ პირად შემადგენლობას საცხოვრებლად გამოუყო. სხვათა შორის, ბელარუსში უფრო მკაცრი კლიმატია, ვიდრე უკრაინაში. ზამთარი კი ახლოვდება“,– აღნიშნავს ჟდანოვი.

მისი ხედვით, თუ რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით – ნოემბერში დასრულდება, დეკემბერში დაიძვრება ეშელონები და „სადღაც ახალი წლისთვის მათ შესაძლოა, რამის ფორმირება მოახერხონ“ და იყოს „ზამთრის კამპანიის“ მცდელობა:

„შესაძლოა, უკრაინაში შემოჭრის მცდელობას ველოდოთ სადღაც იანვარში ან გაზაფხულზე. ვფიქრობ, ისინი ეცდებიან 24 თებერვლის განმეორებას. ანუ ეს იქნება რუსული შეიარაღებული ძალების შემოჭრა, რადგან მაინც ვფიქრობ, რომ ლუკაშენკოს ნაკლებად სურს ამ ომში გახვევა. დიახ, ის უზრუნველყოფს, დაეხმარება, როგორც ეს თებერვალში ხდებოდა – რუსებს უთმობს ბელარუსის მარაგებიდან საბრძოლო მასალას, ტექნიკას, ცდილობს, უზრუნველყოს რუსული ძალების ყველა ღონისძიება, მაგრამ ვეჭვობ, ომში გახვევა სურდეს. იქნება შემოჭრის კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ ამჯერად ვითარება განსხვავებულია: საქმე იმაშია, ამჟამად ჩვენ საზღვარი გამაგრებულია და კოლონებით შემოჭრას, როგორც ეს 24 თებერვალს მოხდა, არავინ დაუშვებს! ანუ, ომი ბელარუსის ტერიტორიაზე დაიწყება – როგორც კი შეიარაღებული ძალები თავმოყრის ადგილიდან უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით დაიძვრებიან, ჩვენ ბრძოლაში შევალთ – საცეცხლე დამუშავებას დავიწყებთ ჩვენი საცეცხლე საშუალებების მიწვდენადობის გათვალისწინებით. არავინ დაელოდება, როდის გადმოკვეთენ რუსი სამხედროები სასაზღვრო ბოძს. დიახ, ჩვენს საზღვარზე უკვე იქნება კონკრეტული ბრძოლები, მაგრამ მებრძოლები, რომლებიც მოძრაობას დაიწყებენ დისლოკაციის ადგილიდან, საცეცხლე ზემოქმედებას დაექვემდებარებიან. ბელარუსებს უნდა ესმოდეთ და მზად იყვნენ, რომ ომი მათ ტერიტორიაზე მივა“.

გადამდგარი გენერალ–მაიორი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსი, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ ამ გზით შესაძლოა, რუსებმა უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით წნეხის მოხსნა სცადონ:

„ბელარუსის მოდერნიზებული სარკინიგზო ქსელი მზად იქნება, ეშელონები მიიღოს თუნდაც რუსეთიდან. მზადდება საველე ბანაკები. ჯერ 20 000 სამხედრო მოსამსახურეზე იყო საუბარი, ახლა საუბარია 120 000–ზე. ეს იქნება შესაძლებლობა რუსებისთვის, განიხილონ ლვოვისკენ, უკრაინის მომარაგების გზებისკენ თავდასხმა, რათა შეცვალონ დარტყმის ვექტორი და მინიმუმ, უკრაინის მნიშვნელოვანი ძალები მიაჯაჭვონ აქეთ, რომ წნეხი მოიხსნან სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებაზე“.

ბელარუსი ამ დრომდე პირდაპირ არ არის ჩართული უკრაინის ომში, მაგრამ ლოგისტიკურ დახმარებას უწევს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, რომელიც დაიწყო 24 თებერვალს, როდესაც რუსული ჯარების ნაწილი უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით შევიდა.

ლუკაშენკომ რუს ჯარებს ბელარუსის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა, საიდანაც რუსული ძალები ახორციელებენ გაფრენებს უკრაინის ქალაქების დასაბომბად და ასევე რაკეტების გაშვებას. გაეროს ამ დროისთვის 6 000–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი აქვს იდენტიფიცირებული (რეალური მსხვერპლი მეტია), რომელთა უმეტესობაც სწორედ რომ სარაკეტო, საჰაერო, საარტილერიო თავდასხმებს ემსხვერპლა.

ბელარუსის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესდა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში თანამონაწილეობის გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები