
ევროპაში მკაცრი ზამთარი გვექნება, მაგრამ მოსკოვის ოცნებებს ახდენა არ უწერია – ევროპარლამენტარი
05/10/2022 09:18:14 ევროპა
ევროპარლამენტარი სერგეი ლაგადინსკი რუსი პროპაგანდისტების, მაღალჩინოსნების და თავად კრემლის ლიდერის საპასუხოდ, რომლებიც ევროპას ზამთარში გაყინვას უწინასწარმეტყველებს, ამბობს, რომ წინ ნამდვილად რთული პერიოდი იქნება, მაგრამ მოსკოვის ოცნებებს ახდენა არ უწერია.
ინფორმაციისთვის: ლაგადისნსკიმ რუსეთი 1990–იან წლებში დატოვა და ამჟამად ევროპარლამენტში გერმანიას წარმოადგენს.
ევროპარლამენტარი საკუთარი პოზიციის მხარდასაჭერად ყურადღებას ამახვილებს ევროპული მთავრობების გადაწყვეტილებების სიმყარეზე და მათ შორის, გერმანიაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე.
„ზამთარი როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკური მიმართულებით მკაცრი იქნება. კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, იქნება თუ არა გაზი, არამედ იმაში, რა ფასად. ენერგომატარებლების გაძვირება ნამდვილად ურტყამს განსაკუთრებით გერმანულ ეკონომიკას. გერმანიაში შედარებით დაბალი იყო ელექტროენერგიის საფასური და ამიტომაც, მძიმე ინდუსტრიამ შეძლო ასე წარმატებულად განვითარება და იყო კონკურენტუნარიანი. ფასების ზრდის კვალდაკვალ ცხადია, კონკურენტუნარიანობა იკლებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი ჩამოგვეშლება, რაზეც ოცნებობენ მოსკოვში. ვითარება რთულია და რთული იქნება, მაგრამ საქმე ამაში არაა. უკეთესი იქნებოდა, კრემლში გაეაზრებინათ, თუ რამდენად მყარია ევროპული ქვეყნების და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების (მოსკოვის აგრესიისადმი კრიტიკულად განწყობილი ნაწილის) გადაწყვეტილება. პრინციპში, ეს რევოლუციური გადაწყვეტილებაა დემოკრატიისთვის, იმ იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირი მზადაა, მსხვერპლად გაიღოს თავისი ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური და პრინციპში, დემოკრატიული სტაბილურობა იმისთვის, რომ ამ აგრესიის მსხვერპლების მხარეს დადგეს. ეს თავად ევროკავშირის ღირებულებებზე მეტყველებს. კი, იქნება სირთულეები, მაგრამ დააკვირდით გერმანიაში ჩატარებულ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს: გერმანელების უმეტესობა კვლავ ამბობს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას, თუნდაც ეს იმას ნიშნავდეს, რომ ზამთარი რთული იქნება“.