
ექს–პრეზიდენტის ძმა: "უცხოელ ექსპერტებს სააკაშვილთან შესვლის საშუალება მიეცათ"
05/10/2022 13:42:11 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის გიორგი სააკაშვილის განცხადებით, ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალება მიეცათ.
მისი თქმით, ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რის შემდეგაც სასამართლოში შეიტანენ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ.
„მნიშვნელოვანი დღეა დღეს, ვინაიდან მიეცათ ექსპერტებს უკვე შესვლის საშუალება, ამ წუთებში უკვე შესული არიან. ამ დღეს ველოდით დიდი ხნის მანძილზე, ვინაიდან ჩვენ უკვე გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე იქნება ექსპერტიზის დასკვნა და შემდგომ, ძალიან მოკლე ხნის ვადაში მივმართავთ სასამართლოს, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ჩემი ძმის“ , - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.