მდინარაძე – პარტნიორებზე: "თუ არავინ გვაიძულებს კულისებიდან ამბების გატანას, ეს იქნება კარგი"
06/10/2022 10:33:10 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტნიორებს მიმართავს თხოვნით, არ გააკეთდეს ისეთი განცხადებები, რომ "კულისებიდან მეტის გამოტანის აუცილებლობა" გახდეს საჭირო.
მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტნიორების მიმართ "დასმულ კონკრეტულ კითხვებზე" პასუხები არ გაიცა.
"ძალიან გთხოვთ, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ნუ მომთხოვთ მის კონკრეტულ განცხადებაზე მისივე მოტივაციას, რადგან ამის შესახებ ვერ გიპასუხებთ. ამის ლაპარაკი რომ მდომოდა, ახლა არ ვიქნებოდი „ქართულ ოცნებაში“, ვიქნებოდი „ხალხის ძალაში“. კულისებში ბევრი რაღაც არის, რაზეც სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენ მიმართ ნუ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც პასუხად შეიძლება, მოსდევდეს კულისებიდან რაღაცების გამოტანის აუცილებლობა, რადგან მიგვაჩნია, რომ ბევრი საკითხია, რაზეც შეიძლება, დიდი დისკუსია გავმართოთ, ერთმანეთთან ვიკამათოთ, როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა, ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სტრატეგიულ ინტერესებზე, მათ თავიანთი გვითხრან, ამის შესახებ გარეთ ლაპარაკს არ ვაპირებთ. რომ ვაპირებდეთ, მაშინ „ხალხის ძალაში“ ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, ყველას ვთხოვ, თავის განცხადებებში ნუ იქნება რაღაც ისეთი პათოსი, სადაც კულისებიდან მეტის გამოტანის საჭიროება და აუცილებლობა გახდება. ამაზე თავს ვიკავებთ. კი ბატონო, თუნდაც, ფრთხილები ვართ და ჩვენს ურთიერთობას ვუფრთხილდებით. ნებისმიერი განცხადება თუ იქნება დაკონკრეტებული, აქ უკვე არ იქნება სივრცე არც კამათის, არც გაურკვევლობის და არც ბუნდოვანების. წარსულში გვქონდა მოცემულობა, როცა „ხალხის ძალის“, თუ დეპუტატების კითხვები რჩებოდა უპასუხოდ, იყო ბუნდოვანი, არამკაფიო და ეს ტოვებდა შემდეგი განვითარების სივრცეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის ამ კომენტარს წინ უსწრებდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი ჯენკინსის განცხადება, რომელმაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩსა და საელჩოზე თავდასხმას, დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილი უწოდა.


