"ამერიკის ელჩზე არც ერთი თავდასხმა არ მახსენდება, გარდა ორისა, ერთი ეკუთვნოდა გვარამიას, მეორე – მელიას"
06/10/2022 12:21:55 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "აშშ-ის ელჩს თავს მხოლოდ ნიკა გვარამია და ნიკა მელია დაესხნენ", მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატები კი დიპლომატის მისამართით შეკითხვებს სვამდნენ, რაც "გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება".
კობახიძისვე თქმით, რომ მიაჩნდეს, რომ „ხალხის ძალის“ წევრები თავს ესხმიან ელჩს და აზიანებენ შტატებთან ურთიერთობას, მათ გაემიჯნებოდა".
"ტერმინი თავდასხმა იყო გამოყენებული. ამერიკის ელჩზე არც ერთი თავდასხმა არ მახსენდება, ორის გარდა. ორი გამონაკლისი იყო – ერთი ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას და მეორე ნიკანორ მელიას. ანუ, მათ ჰქონდათ ასეთი განცხადებები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სხვა თავდასხმა არ მახსენდება. არ ვიცი, ვის გულისხმობდა, მას უნდა ჰკითხოთ. თავდასხმა იყო მელია და გვარამია, სხვა – არა. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ დეპუტატები, „ხალხის ძალის“ წევრები თავს ესხმიან ელჩს, ურთიერთობებს აზიანებენ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, გამიჯვნა გვექნებოდა, მაგრამ მათ ყველაფერი დაიწყეს კითხვების დასმით და როცა კითხვებს პასუხი არ გაეცა, ამას მოჰყვა მათი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თავდასხმა. საქართველო იმით ამაყობს, რომ 2012 წლის შემდეგ გამოხატვის თავისუფლება გვაქვს. გამოხატვის თავისუფლება აქტუალურია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ბუნებრივია, გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ ვერავის შეუზღუდავს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე ეცდება, ამ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, რა თქმა უნდა, მათ კონსტიტუცია დაიცავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა არაერთი ანტი დასავლური და ანტიამერიკული განცხადება გააკეთეს. კობახიძის ხსენებულ კომენტარს წინ უსწრებდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი ჯენკინსის განცხადება, რომელმაც ბოლო დროს საქართველოში აშშ-ის ელჩსა და საელჩოზე თავდასხმას, დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილი უწოდა.


